სერგეი ნარიშკინი ეუთოს მოუწოდებს, რუსი პარლამენტარების წინააღმდეგ სანქციების დაწესება აკრძალოს
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი იმედოვნებს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა უახლოეს მომავალში მის მიერ მომზადებულ რეზოლუციას მხარს დაუჭერს. ნარიშკინის ინიციატივა პარლამენტარების წინააღმდეგ სანქციების დაწესების აკრძალვას ითვალისწინებს.
ნარიშკინის თქმით, ევროკავშირის და ფინეთის ჩინოვნიკების მოქმედების გამო მიმდინარე წლის ივლისში რუსეთის დელეგაციამ ჰელსინკიში საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო სესიაში მონაწილეობა არ მიიღო. ასეთივე სიტუაცია ნიუ-იორკის შემთხვევაშიც გამეორდა, რის გამოც ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ და რუსეთის დელეგაციამ საპარლამენტთაშორისო კავშირის კონფერენციაში მონაწილეობა ვერ მიიღო.
რუსი პოლიტიკოსის თქმით, რუსეთის ფედერაციის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას გეგმავს, რომელიც ჯერ ვენაში და შემდეგ, 2016 წელს თბილისში გაიმართება.