სააკაშვილის გადადგომის პეტიციას 93-მა ადამიანმა მოაწერა ხელი
ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის ელექტრონულ პეტიციას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა განთავსებული, 93-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.
პეტიცია 15 სექტემბერს გამოქვეყნდა. იმისთვის, რომ ის უკრაინის პრეზიდენტმა განიხილოს, 90 დღის განმავლობაში 25 ათასი ხელმოწერა უნდა შეგროვდეს.
პეტიციის ავტორების აზრით, სააკაშვილმა გუბერნატორის პოსტზე სამთვიანი მუშაობის პერიოდში არცერთი დაპირება არ შეასრულა. მისი რეფორმები, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლა, მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლება – უკრაინის ტელეარხებისთვის მიცემულ ინტერვიუებში.
პეტიციის ავტორები ასევე უნდობლობას უცხადებენ ოდესის ოლქში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს. ისინი სთხოვენ პრეზიდენტ პოროშენკოს, სააკაშვილი თანამდებობიდან გადააყენოს და უკრაინის მოქალაქეებს შორის „პატიოსანი და პროფესიონალი კანდიდატი“ შეარჩიოს.