თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტები კვლავ დაიღუპნენ
მორიგი ტრაგედია დატრიალდა თურქეთის სანაპიროსთან, როდესაც რამდენიმე ასეული მიგრანტი ეგეოსის ზღვით საბერძნეთის კუნძულ კოსამდე ცდილობდა მიღწევას. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მიგრანტებით სავსე ნავი ამობრუნდა და 22 ადამიანი დაიღუპა. 200 ლტოლვილის გადარჩენა კი მოხერხდა.
მიგრანტების გადარჩენის ოპერაციაში თურქეთის სანაპირო დაცვის ხუთი ხომალდი მონაწილეობდა. გადარჩენილი მიგრანტები თურქეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც მათი მომავალი ბედი გადაწყდება.
წინა დღეს იზმირთან ახლოს მცირე ზომის თევზსაჭერი გემი ჩაიძირა, რომლითაც სირიელი ლტოლვილები საბერძნეთის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. სანაპირო დაცვამ 11 ადამიანი გადაარჩინა, ხოლო 2 მათგანი დაიღუპა.
ასევე 14 სექტემბერს საბერძნეთის კუნძულ ფარმაკონისთან მომხდარი კატასტროფის შედეგად 34 სირიელი ლტოლვილი დაიღუპა, მათ შორის 15 ბავშვი.