თურქეთის პოლიციამ ჟურნალ „ნოქთას“ რედაქცია დაარბია და რედაქტორი დააკავა

თურქეთის პოლიციამ, პრეზიდენტ ერდოღანის შეურაცხყოფისა და ტერორიზმის პროპაგანდის გამო, ჟურნალი „ნოქთა“ დაარბია და ჟურნალის ნომრის პასუხისმგებელი რედაქტორი მურათ ჩაფანი დააკავა. თურქეთის პროკურატურა ჟურნალისტის დაკავებას ითხოვდა, თუმცა იგი სასამართლომ გაათავისუფლა.
ჟურნალის დარბევის კონკრეტული მიზეზი კი „ნოქთას“ უკანასკნელი ნომრის გარეკანზე ტერორისტების მიერ დაცხრილული ჯარისკაცების დაკრძალვის ცერემონიიდან პრეზიდენტ ერდოღანის „სელფი“ გახდა.
მომხდართან დაკავშირებით ჟურნალ „ნოქთას“ მთავარმა რედაქტორმა ჯევჰერი გუვენმა, განცხადება Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ჯევჰერი გუვენმა განაცხადა, რედაქციას ჟურნალის ბოლო ნომრის გავრცელება აეკრძალა.
„პრეზიდენტ ერდოღანს ხშირად ვამხელთ დაღუპული ჯარისკაცების დაკრძალვის ცერემონიებზე ამგვარი ქმედებით, ამიტომ ჩვენ გვინდოდა მისი სიტყვები იუმორით გაგვეკრიტიკებინა. არანაირ ტერორიზმთან ამას კავშირი არა აქვს.
არც ჩემი და არც რედაქციის მიზანი პრეზიდენტის შეურაცხყოფა არ ყოფილა“,- განაცხადა რედაქტორმა პროკურატურაში ყოფნისას.
როგორც სასამართლოდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტმა აღნიშნა, „მართალი ყოველთვის მართალია, მაგრამ ძლიერი ყოველთვის არ არის ძლიერი“.
შეგახსენებთ, რომ მომხდარს ქვეყანაში – როგორც ოპოზიციურ მედიაში, ასევე საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები