სომხეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანთან, საზღვარზე დესტაბილიზაციის საფრთხეზე საუბრობს
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე დესტაბილიზაციის საფრთხეზე ისაუბრა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ტაჯიკეთის დედაქალაქში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შეხვედრაზე. მისი თქმით, დაძაბულობა, ძირითადად, მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეინიშნება. „აზერბაიჯანის მიერ მდგომარეობის გამწვავების მცდელობა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ადეკვატური რეაგირების გარეშე მთელ რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს“, – განაცხადა სარგსიანმა.
მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკება 1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს. ბოლო დროს აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მდგომარეობა რამდენჯერმე გამწვავდა. საარტილერიო ცეცხლს ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა.