რუსეთში წლის ყველაზე მასშტაბური წვრთნები დაიწყო
რუსეთში წლის ყველაზე მასშტაბური სამეთაურო-საშტაბო წვრთნები „ცენტრი-2015“ დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ქვეყნის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების დასკვნითი ეტაპია. წვრთნებში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაში შემავალი ქვეყნების შეიარაღებული ძალებიც მონაწილეობენ.
„წვრთნებში 95 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 7 ათასი ერთეული სარძოლო ტექნიკა, 170 თვითმფრინავი და 20 საბრძოლო ხომალდი მონაწილეობს. სამხედრო მანევრების მეთაურია რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, წვრთნები რუსეთის როგორც ევროპულ, ასევე აზიურ ნაწილში გაიმართება. მათი ძირითადი ნაწილი ტოცკის და დონგუზის პოლიგონებზე ჩატარდება.