ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააგრძელა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააგრძელა, რომელიც რუსი ჩინოვნიკების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ მოქმედებს. სანქციები 6 თვით – 2016 წლის 15 მარტამდე გაგრძელდება. სანქციები 150 პირთან და 37 რუსულ კომპანიასთან დაკავშირებით მოქმედებს. ამის შესახებ EU Observer-ი იუწყება.
სანქციების მოქმედება 15 სექტემბერს იწურებოდა. სანქციების მოქმედება ევროკავშირის ე.წ. ტერიტორიაზე მათი შესვლის აკრძალვას და ევროპის ქვეყნებში კომპანიების ანგარიშების გაყინვას ითვალისწინებს.
სანქციები რუსეთის გარკვეული კომპანიების და პირების მიმართ 2014 წელს მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის საპასუხოდ მიიღეს. მოგვიანებით ეს სანქციები რამდენჯერმე გაგრძელდა. გასული წლის აგვისტოში რუსეთმა ევროპის სანქციების საპასუხოდ სასურსათო ემბარგო შემოიღო, მათ შორის ღორის, საქონლის, ფრინველის ხორცის, ასევე რძის პროდუქტების, ხილის და ბოსტნეულის წინააღმდეგ.