პოროშენკო: რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ტაქტიკა შეცვალა

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს აზრით, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა არის ტაქტიკის შეცვლა და ეს არ არის ომის დასასრული. ამის შესახებ პოროშენკომ გაზეთ „ინდეფენდენტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, სად მალავენ რუსები ტანკებს და არტილერიას. ახლა მათ ბრძანება მიიღეს, რომ ცეცხლი შეწყვიტონ, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს? რუსეთს ხომ არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი ჯარი დონბასში შეიარაღებულ კონფლიქტში არ მონაწილეობს. ასე, რომ რუსების მოქმედებების პროგნოზირება შეუძლებელია“, – აცხადებს პოროშენკო.
უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რუსეთი ცდილობს, „შიგნიდან“ მოახდინოს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია. პრეზიდენტის აზრით, მოსკოვის სამიზნე ამჟამად უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონები კი არა, არამედ კიევია. ტაქტიკის შეცვლის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია პრორუსული ძალების მონაწილეობა უმაღლეს რადასთან მომხდარ აფეთქებასთან, რომელიც 1-ელ სექტემბერს მოხდა.
ასევე პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინამ დასავლელ პარტნიორებთან ერთად აუცილებელი პირობები შეიმუშავა, რომელთა შეუსრულებლობა მთელ სამშვიდობო გეგმას საფრთხეში ჩააგდებს. ეს ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებში შემოდგომისთვის დაგეგმილ არჩევნებსაც ეხება, რასაც მან „ფარსი“ უწოდა და ამის შედეგად რუსეთისთვის დასავლეთის სანქციების გაძლიერება არ გამორიცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები