ვლადიმერ ძნელაძემ ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე, დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნინო ბურძენიძე დიდუბის რაიონში მდებარე რამდენიმე საბავშვო ბაღს ეწვივნენ და პატარებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
როგორც ვლადიმერ ძნელაძემ აღნიშნა, სასწავლო წელი ორგანიზებულად დაიწყო და ბავშვებს ყველგან არაჩვეულებრივი გარემო დახვდათ.
,,დედაქალაქის საკრებულოსა და მერიისთვის საბავშვო ბაღები ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ზაფხულში სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები, მოწესრიგდა ეზოები და ბავშვებისთვის შეიქმნა ახალი, ბევრად თბილი და კომფორტული სივრცე. ასე, რომ პატარებს ყველგან არაჩვეულებრივი გარემო დახვდათ“,- განაცხადა ვლადიმერ ძნელაძემ.
ირაკლი ლექვინაძემ სასკოლო მზაობის პროგრამას, ასევე კვებისა და ჰიგიენის სტანდარტებს გაუსვა ხაზი და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, დედაქალაქში რამდენიმე ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც საგრძნობლად განმუხტავს ჯგუფებში არსებულ მდგომარეობას.
მისივე თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შეიცვალა პროდუქტების შესყიდვის წესი და საგრძნობლად გაუმჯობესდა საკვების ხარისხი.
ნინო ბურძენიძემ მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქში მდებარე ყველა ბაღი ინკლუზიური განათლების პროცესშია ჩართული.
მისი თქმით, უკვე გადამზადდა რამდენიმე სპეცპედაგოგი, რომლებიც ბაგა-ბაღებში დასაქმდებიან და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე იზრუნებენ.
ვლადიმერ ძნელაძე დღესვე მის სამაჟორიტარო ოლქში მდებარე 155-ე საჯარო სკოლას ეწვია და პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.