„საქართველო უნდა იყოს შერიგების, ურთიერთგაგების, მოლაპარაკების და მშვიდობის ადგილი“
ჩვენი მიზანია, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრემიერის განმარტებითვე, საქართველო უნდა იყოს შერიგების, ურთიერთგაგების, მოლაპარაკების და მშვიდობის ადგილი.
“ჩვენი მიზანია, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება. არ გვსურს, საქართველო იყოს დაპირისპირების ადგილი, არამედ საქართველო უნდა იყოს შერიგების, ურთიერთგაგების, მოლაპარაკების და მშვიდობის ადგილი. ეს არის მისია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად ასრულებდა. ხელისუფლების მიზანია, მაქსიმალური წინსვლა ამ მისიის შესრულებაში და რაც შეიძლება მოკლე ვადებში მივაღწიოთ შედეგს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ჩინელ კოლეგასთან შეხვედრას, პრემიერის თქმით, ჩინური კომპანიები დაინტერესებულები არიან, მიიღონ მონაწილეობა ანაკლიის პორტის მშენებლობაში, რაზეც აქცენტი ჩინეთის პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა.
“ეს არის სერიოზული განაცხადი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, მიგვეღწია ჩინური კომპანიების ჩართულობისთვის ამ პროექტში. ამას გარდა, განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს გამოვეხმაურე ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას და ჩემი ინიციატივა გავაჟღერე გაეროს ასამბლეაზე, ვგულისხმობ “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს”. ფორუმზე ველოდებით 200–მდე წარმომადგენელს ჩინეთიდან. ასე რომ, ამჟამად მთელი რიგი მსხვილი პროექტების განხილვა მიმდინარეობს, რაც არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კარგი დასაწყისი”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.