იტალიის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.
მინისტრმა იტალიის ახალ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და იტალიას შორის ტრადიციულად არსებული, მეგობრული ურთიერთობები ორივე მხარის ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
თავის მხრივ, ენრიკო ბარტოლიმ დაადასტურა იტალიის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი და მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.