თანათინ ხიდაშელი თბილისის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო.
კონფერენცია, რომლის სახელწოდებაცაა „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში” დღეს „თბილისი რუმსში” გაიხსნა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებთან ვარშავის მომავალ სამიტზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„ასეთი ტიპის კონფერენციების საქართველოში გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თბილისიდან შევეხმიანოთ იმ პროცესს, რომელიც დღეს ევროპაში მიმდინარეობს. გამოწვევები უზარმაზარია. ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, ამ გამოწვევების წინაშე დგას. რუსეთის აგრესია დღითიდღე მატულობს და ამას ყოველდღიურად ხედავს ყველა, როგორც უკრაინაში, ასევე, ჩვენს პირობით საზღვრისპირა ტერიტორიებზე. ამოცანა გვეუბნება, რომ უნდა გავზარდოთ მეგობრების რაოდენობა. ამისთვის კი საჭიროა, დისკუსიები რაც შეიძლება გულწრფელი და პირდაპირი იყოს. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ გარკვეული ტიპის დიპლომატიურ დიალოგში ჩავერთოთ და რაღაცები წარმოვაჩინოთ იმაზე უკეთ, ვიდრე სინამდვილეშია, ან შევამსუბუქოთ სურათი. სურათი საკმაოდ მძიმე და დრამატულია. ამ ყველაფრის შესახებ ჩვენი პარტნიორები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ინფორმირებულები, რათა გადაწყვეტილებას იმ პასუხისმგებლობით იღებდნენ, რაც ჩვენნაირ ქვეყნებს დახმარებისთვის სჭირდება“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, თავი მოუყაროს საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერებს. კონფერენციის მონაწილეებმა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა განიხილეს. დისკუსია გაიმართა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო სტრატეგიის შესახებ.
თბილისის საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის წევრები, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები დაესწრნენ.
2015 წლის თბილისის საერთაშორისო კონფერენცია „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს“, საქართველოში აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით ხორციელდება.