ბესიკ ლოლაძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ჩეხეთის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ჩეხეთის დელეგაციას უმასპინძლა.
დელეგაციის შემადგენლობაში ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ ქადნერი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტომაშ კუხტა, საკანონმდებლო ორგანოს სხვა წევრები და დიპლომატები არიან.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჩეხ სტუმრებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების საკითხში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და რეგიონში არსებული ვითარების შესახებაც იმსჯელეს.
„საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელობასთან და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. გარდა ამისა, განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები“,- განაცახდა ბესიკ ლოლაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე საინტერესო უწოდა ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.
„ბევრი საკითხი განვიხილეთ, რომელიც ორივე მხარისთვის ძალიან საინტერესოა. საქართველოს თავდაცვის უწყებაში თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე კონკრეტული საკითხზეც ვიმსჯელეთ, ასევე ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებსა და მიმართულებებზე, რომელშიც საქართველო ჩეხეთის მხარის დახმარებას საჭიროებს“,- აღნიშნა დავიდ ქადნერმა.