გიორგი კვირკაშვილი: საქართველოს ახსოვს ბატონი ლინკევიჩიუსის მხარდამჭერი განცხადებები ყველაზე რთულ პერიოდში

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ვერ განხორციელდება იმ მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც ჩვენ ლიტვისგან ვიღებთ. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლიტველ კოლეგასთან, ლინას ლინკევიჩიუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მინისტრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერას, რასაც ლიტვა და უშუალოდ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი იჩენს საქართველოს მიმართ.
„იგი გახლავთ საქართველოს გამორჩეული მეგობარი. საქართველოს ახსოვს ბატონი ლინკევიჩიუსის მხარდამჭერი განცხადებები ყველაზე რთულ პერიოდში და იგი ნამდვილად არის საქართველოსთვის გამორჩეული მეგობარი და მინდა მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ უდიდესი მხარდაჭერისათვის“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი განცხადებით, ლიტვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმ უმთავრესი პრიორიტეტების განხორციელებაში, რაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგით არის გათვალისწინებული, მათ შორის არის ცალკეული პროექტები ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანია სამხედრო თანამშრომლობის მიმართულება, რაც გამოიხატება ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის საქმიანობაში ლიტვის აქტიური ჩართულობით. ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით გამოყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ეკონომიკური მიმართულებით.
„ძალიან კარგია, რომ შევქმენით ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომისია, რომლის პირველი სხდომაც გაიმართება ოქტომბერში და ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს დასაწყისი კიდევ უფრო აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობის. მოხარული ვარ, რომ ვხედავ უფრო და უფრო მეტ ლიტველ ტურისტებს, ვიზიტორებს საქართველოში. ასევე უპრეცენდენტოდ მაღალი ზრდა გვქონდა სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლებით – 30%-ზე მეტი 2014 წლის განმავლობაში. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება 2015 წლის 8 თვის მონაცემებით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ლიტველ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები