ხელვაჩაურში დალი ფარტენაძეს საკუთარ მაღაზიაში ყელი გამოსჭრეს – მკვლელობაში ბრალდებული ქალს სურსათს ნისიად სთხოვდა

ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის მოტივი ცნობილია. გაზეთი „კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში მკითხველს დალი ფარტენიძის მკვლელობის დეტალებს სთავაზობს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2 სექტემბერს დალი ფარტენიძეს მის კუთვნილ მაღაზიაში მკვლელობაში ბრალდებული პირი თავს დაესხა და ქაღალდის საჭრელი დანით ყელი გამოსჭრა.
„როცა გამხეცებული მამაკაცი ქალს დანას ურტყამდა, შემთხვევით მაღაზიაში ალექსანდრე კობალაძე შევიდა და მაშინვე სცადა მოძალადისთვის ქალი გამოეტაცა, მაგრამ უშედეგოდ. მამაკაცმა არც ის დაინდო, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და გაიქცა. სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს, მაგრამ დალი ფარტენაძის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა, ალექსანდრე კობალაძის ჭრილობები კი სასიკვდილო არ აღმოჩნდა“, – ნათქვამია „კვირის პალიტრის“ სტატიაში.
„კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, მკვლელობის თვითმხილველი, ალექსანდრე კობალაძე უკვე დაჰკითხეს. მალე მკვლელობაში ბრალდებულიც დააკავეს.
სადისტურად მოკლული დალი ფარტენაძის მეუღლე აჭარის სუს-ის თანამშრომელია. თავიდან გამოითქვა ეჭვი, ხომ არ უკავშირდებოდა მკვლელობა მის საქმიანობას, თუმცა ეს მაშინვე გამოირიცხა და მკვლელობის მოტივიც გაცხადდა – მკვლელი ქალს სურსათს ნისიად სთხოვდა.
“ყველაზე ღრმა თავის არეში მიყენებული ჭრილობაა. მამაკაცი იმდენად შოკირებული იყო, ხმას ვეღარ იღებდა. მხოლოდ ეს თქვა, სოფელში მივდიოდი, მაღაზიაში შევიარე პურის საყიდლად, დახლთან გამყიდველი რომ ვერ დავინახე, მივიხედ-მოვიხედე, დავინახე, ქალი ძირს ეგდო და მამაკაცი დანას ურტყამდა. მკვლელს წინააღმდეგობა რომ გავუწიე, მე მომიბრუნდა და დანა რამდენჯერმე დამარტყაო”, – აცხადებს კლინიკის მთავარი მედდა შორენა ჯაში „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლემ შეატყობინა, ვისთანაც მკვლელობაში ბრალდებული პირი ქირით ცხოვრობდა.
“ამ ნაძირლის უმკაცრესად დასჯას ვითხოვთ. ის ნასამართლევია, აქაური არ არის, ერთ-ერთი თურქული კომპანიის თანამშრომელია, რომელსაც ხელვაჩაურში დენის ახალი სადენები გაჰყავს. როგორც ამბობენ, სურსათს მუდმივად ნისიად ითხოვდა, დალიც აძლევდა, მაგრამ იმ დღეს კიდევ რომ მოსთხოვა პროდუქტები, ქალს უთქვამს, ჯერ ძველი ვალი არ მოგიტანია და ახალს ვერ მოგცემო. უცებ მკვლელს ქაღალდის საჭრელი დანა აუღია და ქალისთვის ყელი გამოუჭრია. მერე მაღაზიაში შესული კლიენტიც არ დაინდო. კობალაძე გამწარებული ყვიროდა, როგორც ჩანს, მკვლელი მიხვდა, რომ ხმაურზე ხალხი მოგროვდებოდა, დანა დაუგდია და გაქცეულა. ნაქირავებ ბინაში მისულა. თურმე ხელები სულ სისხლიანი ჰქონია, ეს ბინის მეპატრონეს შეუნიშნავს და მაშინვე პოლიციაში დაურეკავს”, – აცხადებს როსტომი, ხელვაჩაურის მკვიდრი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები