მოხდება თუ არა საკადრო ცვლილებები დიპკორპუსში -იგეგმება თუ არა რამდენიმე ელჩის გამოწვევა

სამთავრობო ცვლილებების შემდეგ ცვლილებები დიპკორპუსშიც იგეგმება.
ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ მთავრობის კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, უკვე სახელდება რამდენიმე ელჩის გვარიც, რომელსაც პირველ ეტაპზე შეცვლიან, მათ შორის არის ირანსა და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში საქართველოს ელჩი იოსებ ჩახვაშვილი და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური.
ასევე არსებული ინფორმაციით, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის შეცვლა ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც იგეგმება.
როგორც ავტორი სტატიაში წერს, ელჩების პასიურ საქმიანობაზე საელჩოების ვებგვერდებიც მიუთითებს, სადაც წესით ასახული უნდა იყოს ყველა ის სიახლე, რაც კონკრეტულ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის აქტივობას უკავშირდება.
ოფიციალური გვერდების უმრავლესობა დიდი ხანია არ განახლებულა და, შესაბამისად, უცნობია, უცხო ქვეყნის ინვესტრორებთან, მთავრობებთან თუ ბიზნესჯგუფებთან რაიმე სახის მოლაპარაკებების შესახებ. ავტორს მაგალითისთვის რამდენიმე საელჩოს ვებგვერდი მოჰყავს.
ბოლო ინფორმაცია, რომელიც ირანლის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სამძიმრის წერილია. მას შემდეგ კი საელჩოს გვერდზე არანაირი სახის ინფორმაცია არ მოიპოვება.
ერთ წელზე მეტია არ განახლებულა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვებგვერდიც. ბოლო ინფორმაცია აქ 2014 წლის აგვისტოში განთავსდა.
ძირითადად, ანალოგიური სიტუაციაა თითქმის ყველა საელჩოს ოფიციალურ გვერდებზე. შესაბამისად, საზოგადოებისთვის უცნობია, თუ რა სახის საქმიანობას ეწევიან ელჩები ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები