“ნაციონალური მოძრაობა” შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 4 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის შესაბამისი რეგისტრაცია გაიარა , – ამის შესახებ ინფორმაცია ცესკოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.
კერძოდ, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობა” “ქრისტიან-კონსერვატიულ პარტიასთან” ბლოკის სახით იქნება წარმოდგენილი, პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე კი – დამოუკიდებლად.
პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 31 ოქტომბერს გაიმართება.
ვინაიდან “ნაციონალური მოძრაობა” შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა და მასში მონაწილეობას არ გეგმავდა, პარტია აღნიშნულთან დაკავშიერებით განმარტებითი შინაარსის განცხადებას ავრცელებს, სადაც იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მარტვილისა და საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში 31 ოქტომბერს დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, რაც ნიშნავს, რომ არ წარადგენს კანდადატებს და არ დანიშნავს წევრებს საარჩევნო კომისიებში. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჩვენ უკვე გავაცანით საზოგადოებას: ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, ოჯახების გაღარიბების შეჩერებას, სწორი პოლიტიკის გატარებას და ქვეყნის წინსვლას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა სჭირდება არა მხოლოდ 2 საარჩევნო ოლქში, არამედ მთელ საქართველოში. იმავდროულად, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, რათა გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფასო საეთერო დრო, რათა საზოგადოებას კარგად გააცნოს 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ბოიკოტის გამოცხადების ზემოაღნიშნული მიზეზები”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.