ვიცე-მერის თანამდებობას ლაშა აბაშიძე დაიკავებს
დედაქალაქის საკრებულომ თბილისის ვიცე-მერის თანამდებობაზე ლაშა აბაშიძე დაამტკიცა. აღნიშნულ თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის კანდიდატურას 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო ერთი წინააღმდეგი იყო, სამმა კი თავი შეიკავა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრების განცხადებით, ლაშა აბაშიძე გამოცდილი და პროფესიონალი კადრია.
თამარ ტალიაშვილის თქმით, ყველამ დაინახა, თუ როგორ გაუმკლავდა ის სტიქიის შემდეგ დედაქალაქის წინაშე მდგარ გამოწვევებს.
ვიცე-მერად დამტკიცების შემდეგ, ლაშა აბაშიძის განცხადებით, თუ საჭირო იქნება სისტემური და სტრუქტურული ცვლილებები, განხორციელდება.
“მერია არის ცოცხალი ორგანიზმი და იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ვითარდება, ეფექტიანობის გაზრდის მხრივ, თუ იქნება საჭირო სისტემური და სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება, ეს უნდა განხორციელდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-მერად დამტკიცების შემდეგ ლაშა აბაშიძემ.
თბილისის ვიცე-მერის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.
რაც შეეხება ლაშა აბაშიძეს, ის ვაკის რაიონის გამგებლის პოსტს იკავებს.