საკრებულო დღეს ვიცე-მერის თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის კანდიდატურას უყრის კენჭს
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ვიცე-მერის თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის კანდიდატურის დამტკიცებას უყრიან კენჭს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა.
როგორც ტყემალაძემ საკრებულოს ბიუროს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საკრებულოს უმრავლესობა ლაშა აბაშიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
“დღეს საკრებულოს სხდომაზე გაიმართება მსჯელობა, რათა მიეცეს თანხმობა საკრებულოს მხრიდან ვიცე-მერის თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის დანიშვნას. რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, ვფიქრობთ, რომ ლაშა აბაშიძე არის პროფესიონალი, გამოცდილი კადრი და მას მხარს აუცილებლად დავუჭერთ”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის ვიცე-მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის მერის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა. ლაშა აბაშიძე კი, ვაკის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.