ვახტანგ ხმალაძე: სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები პროკურატურის პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტაგ ხმალაძის შეფასებით, ის, რომ მთავარ პროკურორს პარლამენტის უმრავლესობა აირჩევს, არ შეიძლება იმდაგვარად იყოს განხილული, რომ ეს ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და მთავარი პროკურორის დანიშვნა პოლიტიკური დანიშვნაა, – ამის შესახებ ხმალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “პროკურატურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას განაცხადა.
“ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ არა ერთ კანონს, არა ერთი პირის თანამდებობაზე გამწესების საკითხს – დაწყებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარით, გენერალური აუდიტორით და კიდევ სხვა მრავალი თანამდებობის პირებით, იქნება დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების წევრი, თუ სხვა. არის მოდელები, როცა გადაწყვეტილების მისაღებად მაღალი კვორუმი მოითხოვება იმ მიზნით, რომ გადაწყვეტილების მიღება ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყოს, თუმცა ყოველთვის ამის გაკეთება გონივრული არ იქნება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუკი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა არ არის, შესაძლებელია მოხდეს ასეთი დანიშვნების თუ არჩევის ბლოკირება”, – აღნიშნა ხმალაძემ.