ბორგე ბრენდე: რუსეთის ქმედებებმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეძრა
რუსეთმა არ უნდა დაივიწყოს ის ძირითადი საერთაშორისო წესები და კანონმდებლობა, რომელსაც ცივილიზებული სამყარო ემორჩილება, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორგე ბრენდემ განაცხადა.
როგორც ბრენდემ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარე ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთის ქმედებებმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეძრა.
რუსეთთან საქართველოს კონსტრუქციული ურთიერთობები კი, აუცილებელია.
“ასეთი ტიპის ზეგავლენებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი 21-ე საუკუნეში. საქმე მხოლოდ ის არაა, რომ საქართველოსა და უკრაინაში კონფლიქტებია, ეს არის მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები და საფრთხეები”, – აღნიშნა ბრენდემ.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო ნორვეგიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ეს პარტნიორობა ღრმავდება. “საქართველოს ვუსურვებთ რეფორმების ჩატარებას, დემოკრატიას, შემდგომ განვითარებას და ჩვენ გვინდა საქართველოს პარტნიორი ვიყოთ ამ მიმართულებით”, – განაცხადა ბრენდემ.
მას ასევე სჯერა, რომ 10-15 წელიწადში საქართველოს განსაკუთრებულად აყვავებულ ქვეყნად გადაიქცევა.
“დარწმუნებული ვარ, 10-15 წელიწადში საქართველო განსაკუთრებულად აყვავებულ ქვეყნად გადაიქცევა და გაუტოლდება მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებს. ეს იქნება მიღწეული იმით, რომ ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობა მიეცემათ”, – განაცხადა მინისტრმა.