სასტუმრო „ვინოტელში“ საზოგადოებამ ქართულ-პოლონურ დუეტს მოუსმინა (ფოტო – ვიდეო)
სასტუმრო „ვინოტელში“ ჯგუფი „ფრანი“ და პოლონელი მომღერალი კაროლინა ჩარნეცკა საზოგადოების წინაშე დუეტით წარდგნენ.
როგორც „კვირას“ მომღერალმა და „ფრანის“ წევრმა გაგა ჩიხლაძემ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო „ვინოტელში“ საზოგადოებას ერთობლივი ნამღერი წარუდგინეს, კაროლინა ჩარნეცკასთან ახალი სიმღერა ჯერ არ ჩაწერილა, მხოლოდ ჯგუფის ერთ-ერთი სიმღერის – „ეს მე ვარ“ ახლებული ვერსიის ჩაწერა მიმდინარეობს.
კაროლინა ჩარნეცკასთან ახალი სიმღერა არ ჩაგვიწერია, ჩვენ ჩვენს ერთ-ერთ სიმღერას, სახელწოდებით, „ეს მე ვარ“ ვწერთ. ჩაწერის პროცესი ახლაც მიმდინარეობს და მალე მაყურებლის წინაშე ახალი დუეტით წარვდგებით“, – განახადა გაგა ჩიხლაძემ.
კაროლინა ჩარნეცკა, პოლონეთის ქართული დიასპორის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ერთი კვირით ეწვია, რათა აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებაში, „ბათუმქალაქობაში“ მიიღოს მონაწილეობა.
ჯგუფ „ფრანთან“ დუეტის პრეზენტაციაც სწორედ, „ბათუმქალაქობისადმი“ მიძღვნილ დღესასწაულზე, 5-6 სექტემბერს გაიმართება.
მომღერალმა “კვირასთან” საქართველოს შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით, საქართველოს ველური ბუნება მოეწონა.
“არ ვიცი, როგორ აღვწერო ჩმი გრძნობები, რადგან უამრავი ემოცია მაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ნამდვილად არის პოლონეთისგან განსხვავებული ქვეყანა, მაგრამ არის ისეთივე ლამაზი, როგორც პოლონეთი. ძალიან მომეწონა ველური საქართველო და მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად დავბრუნდები უკან. ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარული და სითბო ვიგრძენი იმ მოკლე დროის განმავლობაში, რაც საქართველოში ვიმყოფები”, – განაცხადა კაროლინა ჩარნეცკამ.
აღსანიშნავია, რომ სექტემბრის ბოლოს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ჯგუფ „ფრანისა“ და კაროლინა ჩარნეცკას ერთობლივი კონცერტია დაგეგმილი. კონცერტს ადგილობრივი მედიასაშუალებები გააშუქებენ.