ეკა მიშველაძე ბასა ჯანიკაშვილზე: „გამოუცდელი „ტელევიზიონშიკია”

„გამოუცდელი “ტელევიზიონშიკია”, – ამ სიტყვებით მიმართავს ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველს ბასა ჯანიკაშვილს.
როგორც მიშველაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს, ბასა ჯანიკაშვილი გამოუცდელი „ტელევიზიონშიკია“ და ალბათ მერე უკეთ გაერკვევა სატელევიზიო ნიუანსებში.

„ყველას გაინტერესებთ, ვიცი და ამიტომ აქ დავწერ: დღეს მედიაკოალიციის შეხვედრაზე, საზმაუს გენდირექტორის მრჩეველს არ უთქვამს, რომ დაიხურა გადაცემა. ყოველ შემთხვევაში ცალსახად არ უთქვამს. მომილოცა გათხოვება, საკმაოდ უცნაური ირონიული ფორმით. თუმცა ეგ არაფერი, გამოუცდელი “ტელევიზიონშიკია” და ალბათ მერე უკეთ გაერკვევა სატელევიზიო ნიუანსებში. ეთიკა, სტანდარტი, პროფესიონალიზმი – არის ასეთი ცნებები და საჭიროა ამაზე ინფორმაცია. არ დავზარდები, ყველას შემიძლია მასტერკლასი ჩავუტარო“, – წერს ეკა მიშველაძე.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში, სადაც მედიის წამომადგენლები იყვნენ შეკრებილები “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის მრჩეველს ბასა ჯანიკაშვილს გადაცემის დახურვის შესახებ შეკითხვა დაუსვა. “ქალბატონო ეკა, გილოცავთ გაბედნიერებას, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა”, – მიმართა ჯანიკაშვილმა მიშველაძეს. ამის შემდეგ ჯანიკაშვილმა შეხვედრაზე წაიკითხა ამონარიდი მაუწყებლის კოდექსიდან, – “საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი არ უნდა აშუქებდეს მისი ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს”. “გათხოვება თუ უხერხულობა იყო, არ ვიცოდი”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერს, ალექსი პატრიაშვილს გაჰყვა ცოლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები