თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად პოლონეთის დელეგაციას შეხვდა.
სტუმრებს შორის სატრანსპორტო კომპანიის, განათების ტექნოლოგიებისა და ბანკის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც ქართულ მხარეს საკუთარი პროდუქციის პრეზენტაცია წარუდგინეს.
საკრებულოს ინფორმაციით, „Solaris Bus & Coach S.A“-ის წარმომადგენლებმა კომპანიის დაარსებაზე და მათ მიერ წარმოებულ სატრანსპორტო საშუალებებზე დეტალურად ისაუბრეს.
ქართულმა მხარემ თავის მხრივ სტუმრებს იმ საერთაშორისო ტენდერის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესების მიზნით უახლოეს მომავალში გამოცხადდება და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული კომპანია მასში მონაწილეობას მიიღებს.
მუნიციპალური ტრანსპორტის პრეზენტაციის შემდეგ, პოლონელმა სტუმრებმა განათების თანამედროვე საშუალებებზე ისაუბრეს და ქართულ მხარეს საკუთარი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა თბილისთან თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს და საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები პოლონეთში ტრანსპორტის საერთაშორისო გამოფენაზე მიიწვიეს.