საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად თბილისის საკრებულოს ეგიდით განხორციელებული ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისის“ ჟიურის შემადგენლობის შესახებ იმსჯელეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა კონკურსის ჩატარების, ნამუშევრების შეფასებისა და გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიას დასამტკიცებლად კონსტანტინე ჯანდიერის, მურაზ მურვანიძის, დავით ევგენიძის, მარიამ წიკლაურის, ნესტან ნიჟარაძის და დიმიტრი მოსულიშვილის შემადგენლობით ჟიურის კანდიდატები წარმოუდგინა და ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროებში მათ კომპეტენტურობასა და პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ კანდიდატებს მხარი ერთხმად დაუჭირეს.
დეპუტატებმა სხდომაზე ასევე განიხილეს განათლებისა და კულტურის კომისიაში შემოსული განცხადებები თბილისის საპატიო მოქალაქეებად საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამსახურებული მხატვარის გიორგი (გია) ჯაფარიძის, აგრეთვე ბესიკ იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის დამფუძნებელის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს და მსოფლიოს პლასტიკოს ქირურგთა ასოციაციისა და ქირურგთა ინტერნაციონალური კოლეჯის წევრის ბესიკ იაშვილის და გერმანისტის, ებრაული ენის პედაგოგის, დ. ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელის, კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის წევრის, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, ღირსების ორდენის კავალერის, ზაირა დავარაშვილის კანდიდატურების დამტკიცების თაობაზე. კომისიის წევრებმა საკითხზე ინიციატორებთან ერთად იმსჯელეს და მას მხარი ერთხმად დაუჭირეს. თბილისის საპატიო მოქალაქეების კანდიდატურები წარმოდგენილი რეკომენდაციებით თბილისის მერიის შესაბამის კომისიას საბოლოო განხილვისთვის გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები