ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა საზღვარზე კრიზისულ სიტუაციას შეხვედრაზე განიხილავენ
სეულმა და ფხენიანმა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე შექმნილი კრიზისული მდგომარეობის განსახილველად შეხვედრის ჩატარების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. სიტუაცია საზღვარზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჩრდილოეთ კორეამ რაკეტით საზღვარზე სამხრეთ კორეის მიერ დამონტაჟებული დინამიკების განადგურება სცადა. მათი მეშვეობით სეული ფხენიანის რეჟიმზე კრიტიკულ ინფორმაციას გადასცემს. ამის შემდეგ სამხრეთ კორეამაც საპასუხო ცეცხლი გახსნა. სამხრეთ კორეის მხრიდან მოლაპარაკებებში უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მდივნის კიმ გვან ჩჟიმის, ხოლო ჩრდილოეთ კორეის მხრიდან – კორეის სახალხო არმიის მთავარი პოლიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელის ხვან ბენ სოს მონაწილეობა იგეგმება.
წინა დღეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და განაცხადა, რომ ქვეყანა „ნახევრად საომარ მდგომარეობაში“ იმყოფება. ამის საპასუხოდ აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ნახევარკუნძულის სიახლოვეს კონსულტაციების შემდეგ ერთობლივი წვრთნები განაახლეს.