„მეუღლეს მეათე შვილივით ვუვლი” – ჭაფანძეების გასაჭირი

39 წლის ლევან ჭაფანძე საწოლს მიჯაჭვულ მეუღლესა და 9 შვილს უვლის, რომელთაგან ელენე და გიორგი 22 წლის ტყუპები არიან, ნიკა – 12 წლის, ლიზი – 11 წლის, ლუკა – 10 წლის, ლევანი – 7 წლის, ლიკა და სალომე – 5 წლის ტყუპები და 4 წლის საბა. ჭაფანძეების შესახებ გაზეთი “კვირის პალიტრა” წერს. ლევან ჭაფანძე სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ, 2001-2009 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, ბოლოს კი, რეაქტიული ბატალიონის შტაბის უფროსი იყო. იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ე.წ. აგვისტოს ომში, ქალაქ გორში.
მას შემდეგ რაც, მეუღლე მძიმედ ავად გაუხდა, ლევან ჭაფანძემ გადაწყვიტა სამსახურის მიტოვება და სახლში ცოლ-შვილის მოვლა-პატრონობა. “ამ დროიდან იწყება კოშმარი. მუდმივი საცხოვრებელი სახლი არასოდეს გვქონია, ქუჩაშიც კი მოგვიწია ცხოვრებამ, სულ ქირით ვცხოვრობდით. სოფელში სახლი არ გვაქვს, თორემ აქ როგორ გავჩერდებოდით. ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენით და სწორედ ეს გვაძლებინებს. უფალი თავად მიჩვენებს გზას, როგორ გავუმკლავდე სირთულეებს. უფროსმა ქალიშვილმა ელენემ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პროგრამის ფარგლებში სტილისტობა შეისწავლა, მაგრამ პროფესიით ვერ მუშაობს. მის ტყუპისცალ გიორგის ცერებრალური დამბლა აქვს და უჭირს გადაადგილება, ფიზიკური დატვირთვა მისთვის არ შეიძლება”, – ამბობს ჭაფანძე.
“კვირა” ინტერვიუდან ამონარიდს გთავაზობთ.
ლევან ჭაფანძე: “ახლა, სამწუხაროდ, არ მაქვს მუშაობის დრო. მანამდე სხვადასხვა ადგილას მიმუშავია: სამშენებლო ობიექტებზე, ხის საამქროში, სადისტრიბუციო კომპანიაში მტვირთავად და ა.შ. შრომა არასოდეს მითაკილია. ვცდილობდი, ჩემი ოჯახისთვის ელემენტარული პირობები შემექმნა. ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე ისევეა დროში მკაცრად გაწერილი, როგორც სამხედრო სამსახურში ყოფნისას იყო. დილის 7 საათზე, სანამ ბავშვები გაიღვიძებენ, საჭმელს ვამზადებ, შემდეგ ვსაუზმობთ, ეზოსა და სახლს ვალაგებ, უფასო სასადილოში მივდივარ და ოჯახისთვის მომაქვს საკვები, შემდეგ ბავშვებს ვუვლი. მიუხედავად იმისა, რომ არდადეგებია, მაინც ყოველდღე ვამეცადინებ, შემდეგ ვვახშმობთ, ბავშვებს ვბან და ვაძინებ. უფროსი შვილები კარგი მოსწავლეები არიან, ნიკა მოსწავლეთა ოქროს ათეულში შევიდა, მათემატიკის ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. ელენე რამდენიმე დღეა, ერთ-ერთ სასტუმროში გამოსაცდელი ვადით დამლაგებლად დასაქმდა. გიორგი კი ეკლესიურ ცხოვრებას მიჰყვა. ძირითად დროს ტაძარში ატარებს. როდესაც მეცხრე შვილი, საბა შეგვეძინა, სამშობიარო ხარჯების ანაზღაურება არ შეგვეძლო, გადასახადი გვქონდა 400 ლარი, პატარას შინ არ გვატანდნენ. მაშინ ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებელი დაგვეხმარა. როცა ბავშვებისთვის საჭმელი არ გვქონდა, მეზობლები გვეხმარებოდნენ. მათი დამსახურებაა, რომ აქამდე მოვედით. მრავალშვილიანი ოჯახისთვის ჭირს ბინის ქირაობა. ხშირად სახლის მეპატრონეებმა არც იცოდნენ, რომ ცხრა შვილი გვყავდა, უფროსებს ­ ვმალავდით. მაგრამ როდემდე დამალავ შვილებს. რამდენჯერმე ქირის გადაუხდელობის გამო ბინიდან გავიპარეთ, მაღაზიაში ვალებიც შემოგვრჩა. ვცდილობ, ნელ-ნელა გავისტუმრო. მე ამ ხალხის მრცხვენია, როცა უკიდურესად გვიჭირდა, ისინი დაგვეხმარნენ, მე კი ასე საშინლად მოვექეცი…
ჩვენი ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც ამჟამად შეჩერებული გვაქვს. რამდენჯერმე ადგილობრივი თვითმმართველობა დაგვეხმარა, ქირა გადაგვიხადა. ბევრს გაუმართავს ხელი. წინასაახალწლოდ გვესტუმრა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც საბას საწოლი მოუტანა, დანარჩენებს – პროდუქტები. ზამთარში ბევრჯერ შუქი და გაზი არ გვქონია, კანონი არ ითვალისწინებს იმას, რომ მე ცხრა შვილი მყავს და ბევრი გვჭირდება. 2011 წლიდან დაგვენიშნა სოციალური დახმარება. რადგან ხშირად გვიწევს საცხოვრებლის გამოცვლა, პროცედურულად ყოველ ახალ გადასვლას ახალი შეფასება მოსდევს, რაც დროს მოითხოვს და ამ დროს, განსაკუთრებულად გვიჭირს. უფასო სასადილოდან ყოველდღე ხუთი პური და რაიმე წვნიანი მომაქვს. არ ჰყოფნით ბავშვებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დიდი შეღავათია. მეუღლე სულ წევს, მასაც მეათე შვილივით ვუვლი და სამუშაოზე ხშირად ვეღარ გავდივარ. მისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ მოხერხდა უსახსრობის გამო. სკრინინგცენტრში მითხრეს, მხოლოდ 40 წლიდან შეგიძლიათ მოგვმართოთო. მეუღლე კი ჯერ 39 წლისაა. ოჯახის ექიმმა გვითხრა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ონკოლოგსო. ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შვილებისთვის, სულ პატარები ხომ არ იქნებიან?! ბოლომდე დავიხარჯები და ღირსეულ ქართველებად აღვზრდი. უფროსები არ ამხელენ თავიანთ ოცნებებს, ­ იციან, რომ არ გვაქვს შესაძლებლობა, ავუსრულოთ ნატვრა. პატარებს კი ამდენი არ ესმით… “

11828697_1441616412835411_60320677061790778_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები