სოსო გიორგაძე WIPO-ს აკადემიის დირექტორს ჰონგბინგ შენს შეხვდა
ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე შეხვდა WIPO-ს აკადემიის დირექტორს ჰონგბინგ შენს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და WIPO-ს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ერთობლივი პროექტები, მათ შორის, საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაცია და მეწარმეობა“, რომელიც WIPO-ს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქპატენტს შორის გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის საფუძველზე 2025 წლის შემოდგომიდან დაინერგა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და წარმოადგენს უნიკალურ საგანმანათლებლო შეთავაზებას რეგიონში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქპატენტის სასწავლო ცენტრისა და WIPO-ს აკადემიის აქტიურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც საქპატენტის სასწავლო ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებს არაერთ საგანმანათლებლო პროგრამას. მათ შორისაა გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო კურსი, ინტელექტუალური საკუთრების საზაფხულო სკოლა, ონლაინ კურსი DL101GE და სხვა თემატური ტრენინგები, რომელთა რაოდენობა წელიწადში 30-40-ს აღწევს და ასეულობით მონაწილეს აერთიანებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქპატენტისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას სწორედ სასწავლო ცენტრის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება წარმოადგენს. ამ კონტექსტში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, თანამედროვე ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობას, სადაც საქპატენტის ახალი სასწავლო ცენტრიც განთავსდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ახალი სასწავლო ცენტრი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის გავრცელებასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად მიმართულებას გააერთიანებს და აღიჭურვება თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებით.
საქპატენტის სასწავლო ცენტრი 2015 წელს დაფუძნდა საქართველოს მთავრობასა და WIPO-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. ცენტრმა, WIPO-ს აკადემიისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩამოაყალიბა ინტელექტუალური საკუთრების განათლების მრავალდონიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც საბაზისო, ისე სპეციალიზებული ცოდნის გაზიარებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით. WIPO-ს აკადემიასთან თანამშრომლობით ახლო მომავალში იგეგმება ისეთი თანამედროვე და აქტუალური საკითხების სასწავლო კურსებში ინტეგრირება, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი და ენეფტი (NFT), ინტელექტუალური საკუთრება სოციალურ მედიაში, საავტორო უფლებები მედიისა და მუსიკალური ინდუსტრიისთვის, სოფლის მეურნეობაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და უფლებების აღსრულება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის პირველი მდივანი ირინე ხულუზაური და საქპატენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ანუკი ობოლაძე.
აღსანიშნავია, რომ აკადემიის დირექტორი, ასევე დაესწრო წლევანდელი ასამბლეის ფარგლებში მთავარ კულტურული ღონისძიებას, რომელიც სწორედ საქპატენტის ორგანიზებით გაიმართა და საქართველოს კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას მიეძღვნა. სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, დელეგატები მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის თანამდებობის პირები და ინტელექტუალური საკუთრების სფეროს ლიდერები.
WIPO-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე უკვე შეხვდა WIPO-ს გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს, ასევე ევროპის საპატენტო უწყების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს.