“ივანიშვილს მთავრობისთვის ვადა გაზაფხულამდე მიუცია, თუკი პრობლემებს ვერ მოაგვარებთ, მთელი მთავრობა გადადგება”

გაზეთი „კვირის ქრონიკა“ სახელისუფლებო კულუარებში მიმდინარე მოვლენებზე მკითხველს ვრცელ სტატიას სთავაზობს.
გამოცემა დღევანდელ ნომერში სანდო წყაროზე დაყრდნობით, მკითხველს ხელისუფლებაში შიდა დაპირისპირების დეტალებზე უამბობს.
„კერძოდ, „რესპუბლიკელები“ მოითხოვდნენ, რომ გიგლა აგულაშვილი პრემიერს შს მინისტრად დაესახელებინა, ხოლო პროკურატურის რეფორმის შემდეგ, ბადაშვილის ადგილზე თამარ კორძაია წარედგინა. „რესპუბლიკელები“ დარწმუნებულები იყვნენ, რომ დომინანტის როლს შეასრულებდნენ, თავისას გაიტანდნენ და აბსოლუტურ ძალაუფლებას აიღებდნენ, რაც თინა ხიდაშელის გაპრემიერებას ნიშნავდა. როგორც სანდრო წყარო გვიყვება, „რესპუბლიკელები“ თინა ხიდაშელს პრემიერ-მინისტრად ამზადებდნენ, თუმცა მათი გეგმები ამოყირავდა. მას შემდეგ, რაც საკითხი ბიძინა ივანიშვილთან გაირჩა, „რესპუბლიკელებს“ უთხრეს, თუ ბევრ იხტუნავებთ, თავდაცვის მინისტრის პოსტსაც დაკარგავთო“,- ნათქვამია გამოცემის მასალაში.
გაზეთის ინფორმაციით, ივანიშვილმა, როგორც ჩანს, კარგად გაანალიზა რა მოჰყვებოდა „რესპუბლიკელების“ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემოსევას და ის დაბალანსების გზით წავიდა.
„როგორც წყარო გამოცემასთან საუბარში აცხადებს, საბოლოოდ, ივანიშვილს მთავრობისთვის ვადა გაზაფხულამდე მიუცია, თუკი პრობლემებს ვერ მოაგვარებთ, მთელი მთავრობა გადადგება და ხადურსაც მაშინ დავემშვიდობებიო. მიაღწევს კი ეს ხელისუფლება გაზაფხულამდე? წიწილებს ხომ შემოდგომაზე ითვლიან“,- აღნიშნულია „კვირის ქრონიკაში“ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები