ქიბარ ხალვაში: “რუსთავი 2”-ს დღესაც მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებს

“რუსთავი 2”-ის საქმე – “ტელევიზიას დღესაც მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებს” – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ მკითხველს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს წილების შესახებ ვრცელ სტატიას სთავაზობს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, დღევანდელი მდგომარეობით, “რუსთავი 2”-ის მფლობელები არიან: ლევან ყარამანიშვილი – 23%, გიორგი ყარამანიშვილი – 18%, ტელეკომპანია “საქართველო” – 50% და ნინო ნიჟარაძე – 9%.
2004 წლიდან მოყოლებული ტელეკომპანიამ მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. 2004 წელს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტნიორი და მეგობარი იყო, ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი “რუსთავი 2”-ის სამი დამფუძნებლისგან: დავით დვალისგან, ჯარჯი აქიმიძისა და ეროსი კიწმარიშვილისგან მიიღო. ხალვაში აცხადებდა, რომ ტელევიზიის შესაძენად 7 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა, თუმცა, რაც ოქრუაშვილმა მთავრობა დატოვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიის მფლობელი გამოიცვალა. სხვათა შორის, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღით ტელეკომპანიის აქციების ნაწილს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილიც ფლობდა. რაც შეეხება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, იგი „კვირის პალიტრას“ ინტერვიუზე არ დათანხმდა. თუმცა, ხალვაშის ინფორმაციით, ტელეკომპანიას დღემდე მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებს. “რუსთავი 2″-ს დღესაც მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებს. ახლა ნიკა გვარამიას დემაგოგიას ვერ ვუპასუხებ”, – ამბობს ქიბარ ხალვაში. ამავე სტატიაში ტელეკომპანიის ამჯამინდელი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ტელეკომპანია ბრძოლას არ წააგებს. ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ ქიბარ ხალვაშმა შეიძლება მხოლოდ კომპენსაცია მიიღოს. “მაქსიმუმი, რასაც ქიბარ ხალვაშმა შეიძლება მიაღწიოს, კომპენსაციაა, რომელიც მას სახელმწიფომ ან იმ პირმა უნდა გადაუხადოს, ვინც ქონება წაართვა, რაშიც ეჭვი მეპარება. ხელისუფლება ტოტალიტარიზმისკენ მიდის, თუმცა იმედი მაქვს, სასამართლო ამ პროცესის მონაწილე არ გახდება და უკანონო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ქვეყნის ყველაზე მსხვილი დამოუკიდებელი ტელემედია “რუსთავი 2″-ის ხელყოფა უშედეგოდ დასრულდება. ხელისუფლებას ვაფრთხილებ, რომ მისი ქმედების შესახებ მთელი მსოფლიო დეტალურ ინფორმაციას მიიღებს. ყველა საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას გავაცნობთ საქმის ვითარებას. ამ ბრძოლას ჩვენ არ წავაგებთ!” – აცხადებს ნიკა გვარამია გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები