რეზო ამაშუკელი: ძალიან მესიამოვნა, რომ ბუსა ჟვანიამ ბარამიძეს ცხვირ-პირი დაუნაყა
„ძალიან მესიამოვნა და გამიხარდა, რომ ჩემმა ნათლულმა ბუსა ჟვანიამ ბარამიძეს ცხვირ-პირი დაუნაყა“, – ასე ეხმაურება პოეტი რეზო ამაშუკელი გავრცელებულ ინფორმარციას იმის შესახებ, რომ ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა.
როგორც ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, ბუსა ჟვანია განათლებული და ზრდილობიანი ადამიანია. მისი თქმით, შესაძლებელია ბუსა ჟვანია მდგომარეობიდან თავად საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია ბარამიძემ გამოიყვანა.
„ძალიან მესიამოვნა და გამიხარდა, რომ ჩემმა ნათლულმა ბუსა ჟვანიამ ბარამიძეს ცხვირ-პირი დაუნაყა! საერთოდ, ბარამიძე საცემი კი არა მოსაკლავია, იმიტომ რომ ეგ კაცი არ არის! ბუსა იმდენად განათლებული, ზრდილი და გაწონასწორებული ბავშვია, რომ ასე მარტივად არ მოიქნევდა მუშტს, ეტყობა იმ გარეწარმა წყობიდან გამოიყვანა! ბარამიძეებმა, გოგორიშვილებმა და ამ დამპლებმა კარგად უნდა გაიგონ, რომ შურისძიება იწყება! დიახ, შვილები დაიწყებენ აწი შურისძიებას!
სახელმწიფო ვერაფერს აკეთებს დამნაშავეების დასასჯელად და ეს გულზე მხეთქავს, მაგრამ მაგ დამპლებს ყველამ რომ თავი გაანებოს, ჩვენ – ხალხი არ შევეშვებით და ყველაფერზე პასუხს ვაგებინებთ! პირადად ჩემი ცხოვრების მიზანია მაგათი განადგურება, სხვა არაფერი მაინტერესებს!“ – აცხადებს რეზო ამაშუკელი.
მას მიაჩნია, რომ ბუსამ თავი უნდა შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან, ისწავლოს და როდესაც ამერიკიდან დაბრუნდება, ქვეყანას გამოადგეს.
რეზო ამაშუკელი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიება დროულად დასრულდეს და დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ.
„თუ არ გინდათ საქართველოში სისხლისღვრა ატყდეს და სამოქალაქო ომი გაჩაღდეს, დამნაშავეები დროზე დასაჯეთ!“ – ამბობს რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილმა ბუსა ჟვანიამ საპარლამენტო უმცირესობის წევრს გია ბარამიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.