რა „ბრძანება“ გასცა მინისტრმა ჭიკაიძემ, რომლითაც მერაბიშვილის ტრადიცია დაარღვია

„როცა შს მინისტრი გავხდი, პოლიციაში სასტიკად ავკრძალე ჩემი სადღეგრძელოს აუცილებელი წესით დალევა!“ – აცხადებს შს ყოფილი მინისტრის გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
როგორც ჭიკაიძე საგაზეთო ინტერვიუში აღნიშნავს, იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ შს სამინისტროს თანამშრომლებმა სუფრაზე, შეკრებაზე, მინისტრის სადღეგრძელო ფეხზე ადგომით უნდა შესვან. მისივე თქმით, ეს ჩვევა ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს დამკვიდრებული იყო.
ჭიკაიძის ინფორმაციით, როგორც კი თავად მინისტრი გახდა, ეს ჩვევა სამინისტროში აკრძალა.
„მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს აუცილებელ წესად იყო დამკვიდრებული, რომ პოლიციელებს ნებისმიერ სუფრაზე მისი სადღეგრძელო ფეხზე ადგომით უნდა ეთქვათ. როცა შს მინისტრი გავხდი, პოლიციაში სასტიკად ავკრძალე ჩემი სადღეგრძელოს აუცილებელი წესით დალევა! მეგობრებისა და კარგი ხალხისგან ყოველთვის ვილოცები და პოლიციელის დავალდებულება – უნდა თუ არა, სუფრაზე მინისტრის სადღეგრძელო დალიოს, დიდ სისულელედ მიმაჩნია, რომელიმე პოლიციელს ჩემი სადღეგრძელოს დალევა თუ მოუნდებოდა, დავალდებულების გარეშე, გულწრფელად დალევდა. მოკლედ, მერაბიშვილის მინისტრობის დროს პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი სუფრაზე ვანოს სადღეგრძელოს დალევისას ფეხზე არ წამოდგა და მეორე დღეს სამსახურიდან დაითხოვეს!“ – აცხადებს ალექსანდრე ჭიკაიძე ინტერვიუში.
2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე ალექსანდრე ჭიკაიძეს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები