ნინოწმინდის გამგებელი გაგიკ კარსლიანი – გია კორკოტაშვილმა და მერაბ შათირიშვილმა 50 000 დოლარი მომთხოვეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გაგიკ კარსლიანი იმ ბრალდებებს პასუხობს, რაც მისი და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის  მიმართ ბოლო პერიოდში „ქართული მისიის“ და მოძრაობა “ახალი რეალობისთვის“ ლიდერების, გია კორკოტაშვილის და მერაბ შათირიშვილის მიერ გაჟღერდა. კერძოდ, შათირიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნინოწმინდაში ტენდერების ჩატარებისას დარღვევებია, მითვისებულია თანხები, ზოგიერთი პროექტი საერთოდ არ განხორციელებულა.

ამის საპასუხოდ ნინოწმინდის გამგებელი Tvfree -სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სკანდალურ განცხადებას აკთებს. გამგებელი ამბობს, რომ კორკოტაშვილმა და შათირიშვილმა მას შეუთვალეს, რომ ამ თემებს არ გაახმაურებდნენ, თუკი იგი ამის სანაცვლოდ 50 000 დოლარს გადაიხდიდა.

გთავაზობთ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გაგიკ კარსლიანთან ინტერვიუს.

– ბატონო გაგიკ, ინტერვიუს დასწაყისში პირველ რიგში მინდა გკითხოთ იმის შესახებ თუ რაინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი 2015 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში და რა ოდენობისთანხები უნდა დაიხარჯოს ამ მხრივ 2015 წელს?

– დიდი მადლობა ჩვენი მუნიციპალიტეტით დაინტერესებისთვის. პირველ რიგში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებული დაფინანსების შესახებ მოგახსენებთ. სამინისტროსგან წელს 1 მილიონ  700 ათასი გვერგო. ეს თანხა სოფლების გზების მოასფალტებისთვის განისაზღვრა. დაგისახელებთ სოფლებსაც, სადაც ასფალტი იგება. სოფელ ჰეშტიაში ამისათვის 500 000 ლარი, სოფელ განძისთვის 600 000 და სოფელ სათხისთვის ასევე 600 000 ლარია გამოყოფილი.

ასევე შეძენილია ერთი ნაგვის გადამზიდავი მანქანა – 147 000 ლარად. წყალმომარაგების კუთხით 260 000 ლარი არის გამოყოფილი სოფლებისთვის: განძა, ფოკა, ოჯალარი, სათხა.  ადგილობრივი ბიუჯეტიდან წყალმომარაგებისა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ტროტუარების კეთილმოწყობისთვის  50 000 ლარი იხარჯება. ასევე ხდება საკანალიზაციო სისტემის მწყობრში მოყვანა, რისთვისაც ქალაქში 200 000 ლარი დაიხარჯება. მინდა გითხრათ, რომ შარშან ამ კუთხით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, „ემკაო“-მ „MKO” -მ წელს უნდა დაასრულოს მასზე დაკისრებული სამუშაოები 27 700 ლარად. ამ მიმართულებით დამატებით კიდევ 32 ათას ლარამდე დაიხარჯება.  რიტუალების სახლებს 170 000 ლარი მოხმარდება. წყალმომარაგების კუთხით დამატებით კიდევ 165 000 ლარი გვაქვს გამოყოფილი. აღნიშნული თანხით სოფლებში – პატარა ხანჩალი,  ჯიგრაშენი, დილითი, დიდი გონდორიუ, სასმელი წყლის პრობლემები უნდა მოგვარდეს.

შიდა გზების მოხრეშვისთვის 120 000 ლარამდე, სპორტული მოედნების მშენებლობისათვის კი 90 000 ლარი დაიხარჯება . კულტურის ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას 200 000 ლარი მოხმარდება. გარე განათებისთვის 120 000 ლარია განსაზღვრული. 543 000  ლარი კი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მივიღეთ. ასევე ბევრი პატარა პროექტია კიდევ განსახორციელებელ პროექტთა ნუსხაში და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.

საერთო ჯამში, პროექტებზე 1 მილიონ 875 ათასი ლარია ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი. ეს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის საკმაოდ დიდი თანხაა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ტენდერიდან მორჩენილი 230 000 ათასი ლარით ახალი პროექტები განხორციელდება, ისეთი მაგალითად, როგორიცაა ქალაქის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, სადრენაჟო სისტემის მწყობრში მოყვანა და ა.შ.

– სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარების მხრივ როგორი მდგომარეობაა ნინოწმინდისმუნიციპალიტეტში?

– რძის პროდუქტების წარმოება საკმაოდ მაღალ დონეზეა, მაგრამ გასაღების მხრივ გარკვეული პრობლემები შეიქმნა. მაგალითად, დიდი რაოდენობის ყველი არის ავზებში და არ იყიდება. არსებობს წარმოებული რეალიზაციის პრობლემა.

რაც შეეხება მოსავალს, წელს ძალიან კარგი მოსავალი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი ამინდები იყო.

– რამდენად ეფექტურია თვითმმართველობის ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს. გეძლევათ თუ არა იმისსაშუალება, რომ გადაწყვეტილებები ცენტრისაგან დამოუკიდებლად მიიღოთ?

– ფაქტობრივად, საკითხებს საკრებულოსთან ერთად განვიხილავთ, რის შემდეგაც ხდება გადაწყვეტილებების მიღება. მე ძალიან დადებითად ვაფასებ მმართველობის ასეთ მოდელს და მიმაჩნია, რომ თვითმმართველობის მოქმედი კოდექსი წინგადადგმული ნაბიჯია. მარტო ის რად ღირს, რომ გამგებლები პირდაპირი გზით ვართ არჩეული, რაც გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.

– თქვენი გამგებლად არჩევიდან უკვე ერთი წელი გავიდა. შეძელით თუ ვერა ამ პერიოდში იმის გაკეთება, რაცდაგეგმილი გქონდათ და თუ ვერ შეძელით, რა იყო ამის ხელისშემშლელი მიზეზი თუ მიზეზები?

– როცა ნინოწმინდის გამგებლის მოვალეობის შესრულებას შევუდექი, ჩვენი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი  იყო 650 000 ლარი. 2013- ში მე ვიყავი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, არჩევნების მერე კი გავხდი გამგებელი. 2013 წელს ბიუჯეტის შესრულებამ შეადგინა  1 მილიონ 850 000 ათასი ლარი, 2014-ში ეს თანხა საგრძნობლად,  800 000 ლარით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ბევრი რაღაც გავაკეთეთ და ამჟამადაც ვაკეთებთ. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა ისაა, რომ  ქალაქ ნინოწმინდაში დღემდე მოუწესრიგებელია სასმელი წყლის სისტემა. შეიძლება ითქვას, რომ ქალაქში ფაქტობრივად არ გვაქვს სასმელი წყალი. იმედს ვიტოვებ, რომ შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ დაგვეხმარება ამ საკითხის მოგვარებაში.

– თქვენ გარკვეული ძალები, მაგალითად “ქართული მისია” და “მოძრაობა ახალი რეალობისთვის” ბრალს გდებენიმაში, რომ ბევრი უკანონობა ხდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში თქვენი და თქვენი მაჟორიტარიდეპუტატის, ენელ მკოიანის მიერ. მათი თქმით, ჯეროვნად არ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად საკანალიზაციო სისტემების აღდგენა. რას უპასუხებდით მათ?

– ეს ჯგუფები, მხედველობაში მყავს გია კორკოტაშვილი და მერაბ შათირიშვილი, ბინძური მეთოდებით ცდილობენ ჩემთვის შავი ფიარის აგორებას. მათ მიერ დაქირავებული  300-ლარიანი ჭორების გამავრცელებლები არიან ჩამოსულები ნინოწმინდაში, რომლებიც შავ ფიარზე მუშაობენ და მითვლიან, რომ, თუ გინდათ რომ გავჩუმდეთ, 50 000 დოლარი გადაიხადეთო. ვაცხადებ, რომ მათ უკან მერაბ შათირიშვილი და გია კორკოტაშვილი და რა ვიცი, კიდევ სხვა ვიღაცებიც დგანან, გვარები არ მახსოვს. ვინც არიან, არ მაინტერესებს. ვიცი, რომ 300-ლარიანი ადამიანები შავ ფიარზე მუშაობენ. ასევე ვიცი, თუ ვინ აწვდის ნინოწმინდიდან დამატებით ინფორმაციებს ე.წ. მწერალ შათირიშვილს და მის ჯგუფს. ესენი გაკოტრებული ელემენტები არიან და არა მხოლოდ ნინოწმინდის მოსახლეობაში, საქართველოს სხვა რეგიონებსა თუ დედაქალაქშიც არავითარი მხარდაჭერა არ აქვთ. როცა ნინოწმინდაში იყვნენ ჩამოსული,  რამდენიმე ათეული ადამიანი ძლივს შეკრიბეს.

ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არაფერი ხორცილედებაო, აბა რაც ჩამოვთვლე ინტერვიუს დასწაყისში, ეს რა არის? რაც შეეხება ნინოწმინდის კანალიზაციის საკითხს, გამოცხადებულ ტენდერში  2014 წელს გაიმარჯვა კომპანიამ შპს „ლოჯისტიკამ“- ეს  თბილისში არსებული კომპანიაა და მან შეასრულა თავისი ვალდებულება და სამუშაოები. ამჯერად კი ეს კომპანია ადგილობრივმა ჩაანაცვლა. ის, რომ ნინოწმინდაში წლევანდელი ბიუჯეტი 1 მილიონ 875 000 ათასი ლარია, რაც უდავოდ შესრულდება, ეს ჩვენი გუნდის ერთობლივი მიღწევაა. თუ გინდათ შეამოწმეთ, არსებობს ყველაფერი აღწერილი.

რაც შეეხება ჩვენს დეპუტატს, ბატონი ენზელ მკოიანი, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდანაა ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. არ არსებობს გაჭირვებული ადამიანი, რომელსაც იგი არ დახმარებოდა, ფქვილით, საწვავით, თუ სხვა საშუალებებით. იგი უბრალოდ თავმდაბალი ადამიანია და არ უყვარს ყვირილი, ეს გავაკეთე, ის გავაკეთეო. როგორ ფიქრობთ, ბატონ ენზელ მკოიანს, დიდი ავტორიტეტი რომ არ გააჩნდეს, ამდენჯერ, თან მინიმუმ 80%-იანი მხარდაჭერით, აირჩევდა ნინოწმინდის მოსახლეობა?

– როგორც ვიცი,  თბილისში13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებულებისათვის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე დიდი თანხა შეგროვდა და გადაირიცხა თქვენს მიერ, დაახლოებით 22 000 ლარი. როგორ მოახერხეთ ამხელა თანხის შეგროვება?

– თავდაპირველად, 22 618 ლარი ჩავრიცხეთ და დამატებით საკრებულოს თანამშრომლებმა ხელფასებიდანაც შეაგროვეს თანხები და სადღაც 25 000 ლარამდე გაიზარდა ეს თანხა, თან სამ დღეში. ეს ჩემი, მაჟორიტარი დეპუტატის  და საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივა იყო. უნდობლობა რომ გვქონდეს, როგორ მოვახერხებდით ამ თანხის შეგროვებას, თან სამ დღეში? ასე, რომ სანამ რამეს დაგვაბრალებენ, მანამდე კარგად გაარკვიონ თუ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და რა მხარდაჭერა გვაქვს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. ასე ხელაღებით ხომ არ შეიძლება ბრალდებების წაყენება ადამიანებისთვის. ვაფრთხილებ ჩემს არაკეთილმოსურნეებს, თუ ფაქტების გარეშე განაგრძობენ მომავალში ჩემს მიმართ ბრალდებების წაყენებას, რეაგირება სათანადო იქნება.

წყარო: http://tvfree.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები