“თუ ნავთობკომპანიები შეთანხმებულად არ იმოქმედებენ, ისინი მომხმარებელზე ორიენტირებულები გახდებიან”

კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიების დაჯარიმების ფაქტს ახალგაზრდა ანალიტიკოსთა დარბაზის “დოქტრინა” წარმომადგენელი ვახტანგ ჭარია მიესალმება.
ჭარიას თქმით სააგენტოს დასკვნით, კომპანიების შეთანხმებულად მოქმედების შესახებ მისი ეჭვები გამართლდა.
“მივესალმები ასეთ გამოძიებას, რომელმაც დაადგინა სიმართლე. ჩვენ ეჭვი გვქონდა, რომ ასე იყო. რაც შეეხება შედეგს, ნავთობკომპანიები აქამდე შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ამიტომ იყო საწვავზე მაღალი ფასი, თუმცა ახლა თუ შეთანხმებული მოქმედება აღარ იქნება, ისინი მომხმარებელზე ორიენტირებულები გახდებიან, მომხმარებელი კი იქ წავა, სადაც დაბალი ფასია. ეს კონკურენცია თავისთავად დაარეგულირებს ბაზარს, თუ რა თქმა უნდა, არ მოხდება გარიგებები. იმის გამო, რომ ეს კომპანიები დაჯარიმდნენ, არ მგონია ნავთობის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდეს. რაც შეეხება ნავთობკომპანიებისთვის დაკისრებულ ჯარიმას, ეს თავისთავად პოზიტიურია, რადგან ეს თანხა შესაძლოა საზოგადოებრივ სიკეთეს მოხმარდეს”, – განაცხადა ვახტანგ ჭარიამ.
აღნიშნულ საკითხს პროფესორი მიხეილ ჯიბუტიც გამოეხმაურა, რომელმაც მთავარ საკითხად იმის დადგენა დააყენა, თუ რამდენად სამართლიანად მოხდა ამ კომპანიების დაჯარიმება.
“ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ პრინციპით – “კართაგენი მაინც უნდა დაინგრეს”. აქ მთავარი იმის გარკვევაა, სწორად დააჯარიმა თუ არა კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები. გასარკვევია, რამდენად სწორად გამოიყენა სააგენტომ უფლებამოსილება. მთავარია გაირკვეს, ნამდვილად მოხდა თუ არა კომპანიებს შორის ფასწარმოების შეთანხმება, ამის დადგენა კი კონკურენციის სააგენტომ უნდა შეძლოს. ეს საინტერესო პროცესია, რადგან კონკურენციის სააგენტომ ყველაზე მსხვილი კომპანიებით დაიწყო, რაც წვრილი კომპანიებისთვს კარგი მაგალითი იქნება”,- განაცხადა მიხეილ ჯიბუტმა.
შეგახსენებთ, რომ „ვისოლს“ „რომპეტროლს“, სოკარს“, „გალფს“ და „ლუკოილს“ ჯარიმები დაეკისრა, რადგან ისინი, კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, საწვავის ფასებთან დაკავშირებით შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები