გავრცელებული ინფორმაციით, ათონელის რეზიდენცია შესაძლოა უშიშროების საბჭოს გადაეცეს

For.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ათონელის რეზიდენციაში, შესაძლოა, ბინა პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფმა ეროვნულმა უშიშროების საბჭომ დაიდოს.
როგორც For.ge-ის სტატიაშია ნათქვამი, მართალია, აღნიშნულ ინფორმაციას არც იმერლიშვილის უწყებაში ადასტურებენ და არც სახელმწიფო კანცელარიაში აკეთებენ კომენტარს, მაგრამ For.ge-სთვის, ექსკლუზიურად, ცნობილი გახდა ის მიმოწერა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასა და უშიშროების საბჭოს შორის არსებობდა.
„კერძოდ, მთავრობის კანცელარიაში, სარემონტო სამუშაოების გაგრძელებისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების სახელმწიფო კანცელარიაში განთავსების მოტივით, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს, რომელიც კანცელარიის შენობის მე-7 სართულზეა განთავსებული, ფართის განთავისუფლება ჯერ კიდევ გასულ წელს სთხოვეს. შესაბამისად, ირინა იმერლიშვილმა თანხმობა განაცხადა ფართის დაცლაზე და უშიშროების საბჭოს საქმიანობის ადგილად ავლაბრის რეზიდენცია დაასახელა.
ჩვენთვის უცნობია რა პასუხი მიიღო იმერლიშვილმა კანცელარიიდან, თუმცა, მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციამ უშიშროების საბჭოს ათონელის რეზიდენცია შესთავაზა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეროვნული უშიშროების საბჭო დათანხმდა მთვარობის წინადადებას, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი განთავსებულიყო ათონელის რეზიდენციაში, რის შემდეგაც ქონების ეროვნულმა სააგენტომ ეროვნული უშიშრობის საბჭოს აპარატს სარგებლობის უფლებით გადასცა ათონელის რეზიდენცია“, – ნათქვამია სტატიაში.
როდესაც For.ge აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ეროვნული უშიშრობის საბჭოს პრეს-სამსახურს, გოგი ახალკაცს დაუკავშირდა, აღმოჩნდა, რომ იმერლიშვილის უწყებაში ათონელის რეზიდენციაზე აზრი უკვე შეიცვალეს.
„მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მთავრობის კანცელარიაში უნდა განთავსდნენ მხოლოდ ის სტრუქტურები, რომლებიც ექვემდებარებიან უშუალოდ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას. ჩვენ გვეკავა მე-7 სართული, რომელიც 2011 წელს მაშინდელი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განკარგულებით უვადო სარგებლობაში გადაეცა უშიშროების საბჭოს აპარატს, მაგრამ ეს განკარგულება უკვე გაუქმდა. შესაბამისად, უშიშროების საბჭოს აპარატი გადმოდის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის განკუთვნილ შენობაში (აბდუშელიშვილის N1, ავლაბრის რეზიდენცია – რედ.). ბოლო უშიშროების საბჭო ჩატარდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის განკუთვნილ შენობაში. რაც შეეხება ათონელის შენობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამაზე საერთოდ ვერაფერს ვერ გეტყვით“, – აცხდებს for.ge-სთან საუბრისას გოგი ახალკაცი.
for.ge ასევე დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციას, თუმცა სააგენტოს ინფორმაციით, მათ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
„ამდენად, For.ge წერილობით გამოითხოვს სახელმწიფო კანცელარიიდან იმ წერილების ასლებს, რომელიც უშიშროების საბჭოსა და მთავრობის ადმინისტრაციას შორის არსებობს და კიდევ ერთხელ მიუბრუნდება ამ თემას. იმ დროისთვის, შესაძლოა, ვითარება შეცვლილი იყოს, ვინაიდან პრეზიდენტის და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების ადგილსამყოფელი, რატომღაც N1 პრობლემად იქცა ქვეყანაში და გადაწყვეტილებებიც მთავარი მოქმედი პირების გუნება-განწყობების მიხედვით იცვლება“, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები