ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 32-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 700-ზე მეტი ადამიანი.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, თავდაპირველად 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც 40 წამზე ნაკლებ დროში 7.5 მაგნიტუდის მეორე ბიძგი მოჰყვა. ეპიცენტრი კარაკასიდან დასავლეთით, დაახლოებით 160 კილომეტრში მდებარეობდა.
სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები, მათ შორის დედაქალაქ კარაკასში, სადაც რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც, დროებით დაიხურა ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტი.
ვენესუელის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო ძალები სრულ რეჟიმში მუშაობენ.
ქვეყანაში სამაშველო-საძიებო სამუშაოები კვლავ გრძელდება.
სპეციალისტები მოსახლეობას განმეორებითი ბიძგების საფრთხის შესახებ აფრთხილებენ, ხოლო USGS-ი არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.