შალვა პაპუაშვილი: ყველაზე კარგი დიაგნოზი, თუ რა სჭირთ დღეს ამ რადიკალურ ჯგუფებს დასვა ქალბატონმა ჟორჟოლიანმა, რომელმაც გაკვირვებით განაცხადა, რომ ქართულ სუფრაზე, პირველად უფლის სადღეგრძელო აიწევა
ყველაზე კარგი დიაგნოზი, თუ რა სჭირთ დღეს ამ რადიკალურ ჯგუფებს დასვა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ახალმა კანდიდატმა, ქალბატონმა ჟორჟოლიანმა, რომელმაც გაკვირვებით განაცხადა, რომ ის იმყოფებოდა რეგიონში ოჯახებში, ქალაქად, სოფლად და აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრაზე სადღეგრძელოების თანმიმდევრობა ყოფილა ჯერ უფლის სადღეგრძელო, შემდეგ მშვიდობის და შემდეგ საქართველოს სადღეგრძელო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
პაპუაშვილმა ჟორჟოლიანის ამ სიტყვებს მიამიტური გულწრფელობა უწოდა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ჟორჟოლიანმა თქვა ის, რაც ამ ჯგუფის დიაგნოზია.
მისივე თქმით, „რადიკალურ ოპოზიციას“ დაკარგული აქვს კავშირი ქართველ ხალხთან:
„ყველაზე კარგი დიაგნოზი, თუ რა სჭირთ დღეს ამ რადიკალურ ჯგუფებს დასვა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ახალმა კანდიდატმა, ქალბატონმა ჟორჟოლიანმა, რომელმაც გაკვირვებით განაცხადა, რომ ის იმყოფებოდა რეგიონში ოჯახებში, ქალაქად, სოფლად და აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრაზე სადღეგრძელოების თანმიმდევრობა ყოფილა ჯერ უფლის სადღეგრძელო, შემდეგ მშვიდობის და შემდეგ საქართველოს სადღეგრძელო. ეს მისთვის იყო აღმოჩენა. სწორედ ეს არის დიაგნოზი – მათ დაკარგული აქვთ კავშირი ქართველ ხალხთან. ისინი იმდენად გახდნენ უცხოს მსახურები, რომ ქართველ ხალხთან ელემენტარული კავშირი დაკარგეს.
ადამიანებმა ახლა აღმოაჩინეს, რომ ქართულ სუფრაზე, პირველად უფლის სადღეგრძელო აიწევა. წარმოგიდგენიათ რამხელა უფსკრულია ამ მცირე, რადიკალურ აგენტურულ ჯგუფსა და ქართველ ხალს შორის. ეს სინამდვილეში არის ის პრობლემა, რომელიც დღეს ბრიუსელში და ევროპის სხვადასხვა დედაქალაქშია. სწორედ ასე აქვთ დაკარგული კავშირი თავის საზოგადოებასთან და ამ პრობლემის ანარეკლია საქართველოში იმ ხალხში, რომლებიც მათი კარნახით მოქმედებენ. იმდენად იყურეს მაღლა თავის დამკვეთებთან, რომ მათ გარშემო რითი ცხოვრობს ხალხი, რა უჭირს, ან რა ულხინს, ამ ყველაფერმა ისე ჩაიარა მათ გვერდით, რომ ვერც კი ამჩნევენ.
ქალბატონი ჟორჟოლიანის მიამიტური გულწრფელობა ამ შემთხვევაში სასარგებლოა ამ პროცესისთვის ჩემი აზრით, მან ამით თქვა ის, რაც ამ ჯგუფის დიაგნოზია – ისინი მოწყვეტილები არიან ქართულ რეალობას. წარმოიდგინეთ, რომ ეს ხალხი შემდეგ ევროპარლამენტში თუ PACE-ში ჰყავთ წარმოსახული ისე, როგორც ქართველი ერი. ადამიანები, რომლებმაც ისიც კი არ იციან ქართველი ხალხი რითი სულდგმულობს, რაზე ფიქრობს, რა აწუხებს და რა არის მათი ოცნებები და იმედები. იციან ერთი – თუ რა მოსწონს მაგალითად რასა იუკნევიჩიანეს“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.