“დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება, რაც ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის” – აშშ-ის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

“მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან $25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

საელჩოს ცნობით, დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება, რაც ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

“პროექტის განხორციელების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით ერთი მილიონი ტონით გაიზრდება, გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი გახდება ვაჭრობა ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ.

აღნიშნული პროექტი ეფუძნება DFC-ისა და PACE Group-ის წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში 2020 წელს ფოთის ახალი საზღვაო პორტის ტერმინალის განვითარებისა და მშენებლობისთვის $50 მილიონი დოლარის სესხი გამოიყო.

DFC აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო საინვესტიციო სააგენტოა, რომლის ინვესტიციები ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის მყარ ეკონომიკურ შედეგებს უზრუნველყოფს და ხელს უწყობს აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები