მარკო რუბიო: აშშ ირანთან მოლაპარაკებების დროს არ შეარყევს სპარსეთის ყურეში თავისი მოკავშირეების ინტერესებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ არ „შეარყევს“ სპარსეთის ყურის მოკავშირეების ინტერესებს ირანთან მოლაპარაკებებში.
მისი თქმით, მას არ აქვს ეჭვი რეგიონისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.
რუბიომ დაადასტურა, რომ ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში მისი ვიზიტის მიზანი მათგან რჩევების მიღება და მადლობის გადახდა იყო იმ „საოცარი მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ ამ პროცესის განმავლობაში გაგვიწიეს“.
„ჩვენ გვსურს, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ და დავიწყოთ მათთან საუბარი, ჩავრთოთ ისინი კონსულტაციებში ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მიღებულ ყველა გადაწყვეტილებასთან მიმართებით“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ქუვეითში.
„ჩვენ არაფერს გავაკეთებთ ისეთს, რაც რეგიონში ჩვენი მოკავშირეების, ჩვენი დიდი ხნის პარტნიორების უსაფრთხოებას ძირს გამოუთხრის“, – განაცხადა მან.
რუბიომ თავისი საუბრები შეაფასა, როგორც „ძალიან გულწრფელი, პატიოსანი და მნიშვნელოვანი“.
„ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მყარად ვართ შეთანხმებულნი“, – განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს. მან აღნიშნა, რომ აშშ „სრულად იქნება შეთანხმებული ყურის რეგიონში თავის პარტნიორებთან“ ირანის სარაკეტო პროგრამასთან დაკავშირებით.
აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მათ უსაფრთხოების გარანტიებზე „საუბარიც კი არ დასჭირვებიათ, რადგან ეს გარანტიები რეალურია, ისინი არ არის უბრალო დაპირებები, ისინი არსებობს“.
„ჩვენ ამ ქვეყნებთან გვაქვს არსებული ურთიერთობები, რომლებიც მრავალი ათწლეულის წინ დაიწყო“, – განაცხადა რუბიომ. „ჩვენ გვყავს სამხედრო კონტინგენტი ამ ქვეყნებში; ჩვენი აქტივები განლაგებულია ამ ქვეყნებში“.