„ეზოლოგია – თბილისის ფოროვანი ქსოვილი“ – გამოფენა გაიხსნება
26 ივნისს, 18:00 საათზე, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს გამოფენას: „ეზოლოგია – თბილისის ფოროვანი ქსოვილი“.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენა ეროვნული მუზეუმის, არქიტექტურული სტუდია NWDS-ისა და თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრ „უბანის“ დისციპლინათაშორისი კვლევითი პროექტის საჯარო შედეგების პირველი პრეზენტაციაა და წარმოაჩენს თბილისურ ეზოს – სივრცეს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქალაქის ურბანული ქსოვილის ჩამოყალიბებაში.
„კვლევა კონცენტრირებული იყო ქალაქის ურბანული ისტორიის განვითარებაზე, მემკვიდრეობის დაცვაზე, კარტოგრაფიასა და ურბანული პროცესების ანალიზზე.
ექსპოზიციაზე თავმოყრილია თბილისის ისტორიის მუზეუმის ფონდებში დაცული გრაფიკული ნამუშევრები, ფოტოები, პროექტები, გეგმები და მაკეტი, ასევე NWDS-ისა და კვლევის ცენტრის „უბანი“ მიერ მომზადებული მასალები – ურბანული ისტორიისა და არქიტექტურის კვლევები, რუკები და სხვა დოკუმენტური მასალები, რომლებიც წარმოაჩენს თბილისური ეზოს ადგილსა და მნიშვნელობას თბილისის ურბანული იერსახისა და სივრცითი სტრუქტურის ფორმირების პროცესში.
გამოფენას თან ერთვის ვიდეონამუშევრები და 2026 წლის გაზაფხულზე სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ფოტოესეები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოფენის ხანგრძლივობა: 26 ივნისი – 25 სექტემბერი, 2026
ადგილმდებარეობა: თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8, თბილისი
სამუშაო საათები: ყოველ დღე (ორშაბათის გარდა), 10:00-18:00