ფილიპ ლეფორი განმარტებას აკეთებს
არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, – ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ ფილიპ ლეფორმა განაცხადა. “ევროკავშირის პოზიცია ემყარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი და ამის არასწორ ინტერპრეტაციას შეეცადოს”, – განაცხადა ფილიპ ლეფორმა. ფილიპ ლეფორის ეს განცხადება „Civil.ge“-მ გაავრცელა. რუსული საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმის“ მიერ 20 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, 20 იანვარს, ცხინვალში ფილიპ ლეფორმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სტატუსი რესპუბლიკის მოსახლეობამ დიდი ხნის წინ განსაზღვრა და ამ პოზიციის შეცვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ცხინვალში ვიზიტისას ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს შეხვდა.