„როცა სანთელს ვაკეთებ და საჩუქრად მინდა, მუდმივად იმ ადამიანზე ვფიქრობ…“

პროფესიით ეკონომისტი მარიამ დარბაიძე ცხრა წელია ლილოს მაღაზიაში ადმინისტრატორად მუშაობს. თუმცა წლების განმავლობაში მისი გატაცება იყო ქარგვა, ქსოვა და მინაზე ხატვა.11668218_878492115533175_992170858_n

„20 წლის წინ პროფესიას, რომ ვირჩევდი, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობდი, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს დავამთავრებდი და მაღაზიაში ვიმუშავებდი. ვფიქრობ, ჩემს თაობას არ გაუმართლდა. ჩემი თაობის ძალიან ცოტა ადამიანს ვიცნობ, ვინც თავისი პროფესიით მუშაობს“.

18 წლის შვილის გარდაცვალებამ მარიამის ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირა.11694361_878492085533178_199848349_n

„ერთი წელი ძალიან ცუდად ვიყავი. ნელ-ნელა გამოვედი მდგომარეობიდან, მაგრამ სულ რაღაცას ვეძებდი, მინდოდა ჩემი გონება სხვა რამით დაკავებულიყო. დავიწყე მინაზე ხატვა, ვიტრაჟების გაკეთება. ინფორმაციას ინტერნეტით ვიღებდი და მოგვიანებით მხატვრების მაღაზიაში სპეციალური საღებავებიც აღმოვაჩინე. ძალიან დიდხანს ვმუშაობდი, მაგრამ მივხვდი, რომ ამდენი მინა სახლში აღარ მჭირდებოდა, ადგილიც არ მქონდა და თავი დავანებე. მქონდა შემოთავაზება, უნდოდათ, მემუშავა და სხვებისთვისაც გამეკეთებინა, მაგრამ სახლის პირობებში ეს შეუძლებელია“.

ინტერნეტში ძიების პროცესში მარიამ დარბაიძემ სანთლების გაკეთება აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები არასერიოზულად თვლიდნენ მის გატაცებას, მაინც ჯიუტად ცდილობდა სასურველი მიზნის მიღწევას. ჯერ რუსეთსა და უკრაინაში მოძებნა ადამიანები, რომლებიც სანთლებზე მუშაობენ, დაუკავშირდა მათ, მასტერკლასები და ვიდეოგაკვეთილები გაიარა.11714331_878492092199844_384741104_n

„თავიდან მეგონა, ვინმე დამეხმარებოდა და მხარში ამომიდგებოდა, მაგრამ შევცდი. უკრაინელმა მეგობრებმა მიმიწვიეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე იქ ვერ წავიდოდი. აქ გავაკეთებინე პატარა აპარატი, შევიძინე ხელსაწყოები და ჩემით დავიწყე მუშაობა. „ძირითადად, საკუთარი ფანტაზია და ხელები მეხმარებიან, მივაღწიო მიზანს. გარდა ამისა, ხასიათიც მაქვს ასეთი, თუ რამეს გადავწყვეტ, ნელ-ნელა, მაგრამ უნდა გავაკეთო“.

მარიამ დარბაიძე საკუთარი შემოქმედებით ჯერ აპრილში, „ექსპო ჯორჯიაში“ გამოფენილი სანთლებით გაიცნო საზოგადოებამ, შემდეგ კი – საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში პერსონალური გამოფენით, სადაც 200 სანთელი წარმოადგინა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ ორივე გამოფენით. „ექსპო ჯორჯიაში“ საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემმა სანთლებმა, ხალხმა მიიღო და კარგად გაიყიდა. შეიძლება ესეც არის მიზეზი, რომ სურვილი მაქვს, მუშაობა გავაგრძელო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მხატვარ ვახუშტი რომელაშვილს, რომელმაც საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში საკუთარ თავზე აიღო გამოფენის ორგანიზება“.11714428_878492095533177_409616504_n

არაერთი საქმე დაიწყო… ქსოვა, მინაზე ხატვა, ქარგვა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, ყოველთვის ანებებდა თავს. ახლა ძალიან დიდი სურვილი აქვს სანთლებზე მუშაობა გაგრძელოს. მის ნამუშევრებს შორის არის, საკუთარი მოძღვრისთვის და საქართველოს პატრიარქისთვის გაკეთებული სანთლებიც, რომელთა გადაცემა ჯერ ვერ შეძლო.

„რაღაც მომენტამდე რომ მივდივარ, თავს ვანებებ, ბიზნესის კუთხით არ ვავითარებ. თუმცა ახლა სანთლებზე მუშაობა ძალიან მომწონს, მინდა გავაგრძელო მუშაობა და განვავითარო. თითქოს ის არის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვეძებდი და ვიპოვე. ჯერ ვერ ამოვწურე ჩემი ფანტაზია. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთი სანთელი ერთნაირი არ არის. თითოეული მათგანი განსხვავებულია ფერით, ფორმით, ზომით და კიდევ უამრავი იდეა მაქვს. ძალიან მინდა სექტემბრისთვის პატარა ფართი ავიღო, იქვე მქონდეს სახელოსნო და მაღაზია“.

მზევინარ ხუციშვილი

 11721130_878492105533176_747453813_n
11722042_878492075533179_1894583041_n
11733303_878493372199716_2035951138_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები