„ახალი მოდელი უზრუნველყოფს, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკური მოტივით გამოყენების შესაძლებლობა გამოირიცხოს“

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ახალი რეგულაციების შესახებ ისაუბრა. მეჭიაურის განცხადებით, ახალი ინიციატივის თანახმად ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სააგენტოს საშუალებით კანონმდებლებმა მისი გამჭვირვალობა და მასში ყველა სტრუქტურის ჩართულობა უზრუნველყვეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პარლამენტში განხილვის ეტაპზე მყოფი ინიციატივა, დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს, რომ დღესაც და მომავლშიც ეროვნული ბანკის ყოველგვარი პოლიტიკური მოტივით გამოყენების შესაძლებლობა გამოირიცხოს.

„ცვლილების მთავარი არსი ისაა, რომ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას სააგენტოს სახით, სიპის სახით ვტოვებთ ბანკის შემადგენლობაში, მაგრამ გაგვყავს უშუალოდ პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან. მის საბჭოს უკვე ვეღარ დანიშნავს პრეზიდენტი. მას დაამტკიცებს პარლამენტი, ასევე სააგენტოს ხელმძღვანელსაც საბჭოს წარდგინებით პარლამენტი დაამტკიცებს. მისი ლეგიტიმაციის დონე და დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება, თუმცა ეროვნული ბანკის ქოლგის ქვეშ რჩება.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, პრეზიდენტის უფლებაა და თუ სურს, დაადებს ვეტოს, მაგრამ ჩვენი უფლებაა, დავძლიოთ ვეტო. მე ახირების გარდა ვერ ვხედავ მოტივს, რატომ უნდა დაადოს ვეტო. იმ 7-კაციან საბჭოში, რომელიც არჩეული უნდა იქნეს, 2 წევრი ავტომატურად ეროვნული ბანკიდან ინიშნება, ერთი თავად ბანკის პრეზიდენტი და ერთი პირი თავად ეროვნული ბანკის საბჭოდან, ვისაც თავად მოისურვებს ავტომატურად შევიყვანთ ამ საზედამხედველო სააგენტოს საბჭოში. ხოლო 5 წევრს მთავრობა წარადგენს, მას კი პარლამენტი დაამტკიცებს.

ამით მაქსიმალური გამჭვირვალობა და ყველა სტრუქტურის ჩართულობა უზრუნველყავით. 67 შენიშვნა გავითვალისწინეთ პირველი მოსმენის დროს, ეს ცოტა არ არის. გადაწუყვეტილება ივლისის თვეში მიღებული იქნება. ამ კვირაში მეორე მოსმენა გაიმართება, შემდეგ კვირაში მესამე მოსმენა იქნება. თუ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ალბათ პროცესი 2 კვირით კიდევ გაიწელება. ჩვენთვის – ამ კანონპროექტის ინიციატორებისთვის მთავარი იყო, შეგვექმნა ეროვნული ბანკის მართვის ისეთი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს, დღესაც და მომავლშიც ეროვნული ბანკის ყოველგვარი პოლიტიკური მოტივით გამოყენების შესაძლებლობა გამოირიცხოს“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები