თბილისში ახალი ურბანული პროექტი, „მომავლის ქალაქი” განხორციელდება

ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი გერმანიაში – ფრაუნჰოფერი, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ და თბილისის მერიის მონაწილეობით, საქართველოს დედაქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის დამუშავებაზე მუშაობს. როგორც პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, არქიტექტურის დოქტორმა, ურბანისტმა, მამუკა სალუქვაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, თბილისში იმ კონცეფციის გადმოტანა მოხდება, რომელიც ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში და ქალაქშია აპრობირებული. ეს პროექტი ამჟამად პრაღაში მიმდინარეობს. მამუკა სალუქვაძის თქმით, პროექტის ფარგლებში განიხილება ურბანული პროცესები და მართვა, ენერგიის განახლებადი წყაროები და CO2 -ის შემცირება, შენობა-ნაგებობები და ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკა, წარმოება, მობილურობა და ტრანსპორტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე უსაფრთხოება
„ თბილისში ურბანული განვითარების კუთხით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და ქალაქი ისეთ საფუძველს საჭიროებს კონცეფციის სახით, რაზეც ეს ინსტიტუტი მუშაობს და რასაც ჩვენ გვთავაზობს დასანერგად. მომავლის ქალაქი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია, რომელიც ურბანული განვითარების პრაქტიკულად ყველა სფეროს ეხება. აქ იგულისხმება ტრანსპორტიც, შენობებიც, ენერგოეფექტურობის ნაწილიც, უსაფრთხოების საკითხებიც, ლოჯისტიკა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ აქტიური საუბარი მიდის ქალაქის გენერალური განვითარების გეგმაზე და მასზე კონკურსია გამოცხადებული. ის ჯგუფი, რომელიც კონკურსში გაიმარჯვებს, სწორედ ამგვარ კონცეფციას უნდა დაეყრდნოს, რადგან არ შეიძლება ქალაქი სხვადასხვა კონცეფციით ვითარდებოდეს. მერია ძალიან დაინტერესებულია ამ პროექტით, გუშინ შედგა შეხვედრა მერიის სამსახურების უფროსებსა და ჩვენ შორის. შეხვედრაში პროექტის უცხოელი ხელმძღვანელებიც და დამფინანსებლებიც მონაწილეობდნენ. ქალაქს მიეცა შანსი, როდესაც შესაძლებელი გახდა თანამედროვე ევროპული კონცეფციით განხორციელდეს ურბანული განვითარება. ამ პროექტის განხორციელებას ბევრი ძალისხმევაც დასჭირდება, რისთვისაც არც მერია, არც ურბანისტები და ალბათ არც სახელმწიფო უწყებები ძალისხმევას არ დაიშურებენ. პროექტის განხორციელებაში მხოლოდ ერთი ჯგუფი არ იმუშავებს, მასში ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ჩაერთვება“,- განაცხადა მამუკა სალუქვაძემ. პროექტი, რომელსაც თბილისის განვითარება და ევროპული კონცეფციით განვითარება მოჰყვება, დაახლოებით 200 000 ევრო დაჯდება, თუმცა როგორც პრესკონფერენციაზე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თანადამფუძნებელმა არჩილ ბარბაქაძემ განაცხადა, პროექტის 75% პროცენტს გერმანიის მთავრობა, ხოლო 25%-ს თბილისის მერია დააფინანსებს. „ევროპის არქიტექტორთა ქსელი ერთი წლის წინ სტუმრობდა საქართველოს მისი პრეზიდენტის მეთაურობით და მათ ამ პროექტში ჩართვა შემოგვთავაზეს. მერიას შევთავაზეთ ეს პროექტი და ჩაერთნენ ამ პროექტში. თბილისმა გაიმარჯვა კონკურსში და გერმანიის ხელისუფლებამ ეს პროექტი, როგორც გამარჯვებული ქალაქი, დააფინანსა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 200 000 ევროს ფარგლებში იქნება, თანხის 25% მერია, ხოლო დანარჩენ 75%-ს გერმანიის ხელისუფლება გაიღებს“,- განაცხადა არჩილ ბარბაქაძემ.
„ფრაუნჰოფერის“ კონცეფცია და პროგრამა გერმანელი სპეციალისტების მიერ შედგენილია იმგვარად, რომ ის საშუალებას იძლევა ქალაქის დეტალური შესწავლის შემდგომ სწორედ უშუალოდ მასზე იყოს მორგებული. როგორც „ფრაუნჰოფერის“ წარმომადგენელმა დოქტორმა მარიუს მორიმ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, კონფეციაზე 40 -ზე მეტი კერძო ფირმა და „ფრაუნჰოფერის“ რამდენიმე ინსტიტუტი მუშაობდა.
„ფრაუნჰოფერის“ ინსტიტუტი გერმანიაში და ევროპაში უძლიერესი ორგანიზაციაა, რომელიც გამოყენებით კვლევებზეა ორიენტირებული, რათა ჩვენი კვლევები სწრაფად დაინერგოს ცხოვრებაში. ჩვენი ორგანიზაცია 60-ზე მეტ ინსტიტუტს მოიცავს და გერმანიის სხვადასხვა ქალაქსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია განაწილებული. ქალაქების განვითარება მსოფლიოში აქტუალური საკითხია, რის გამოც შევქმენით კონცეფცია „მომავლის ქალაქი“, რომელშიც 40-ზე მეტი კერძო ფირმა, ჩვენი რამდენიმე ინსტიტუტია ჩართული. რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა კონცეფციები, ისეთი, რომელიც საშუალებას მისცემს, ყველა ქალაქზე მორგება შესაძლებელი იყოს. ახლა ჩვენ კონცეფციას თბილისს ვარგებთ. იმისათვის, რომ კონცეფციაში გათვალისწინებული ყოფილიყო, ჩვენ ქალაქების ანალიზი ჩავატარეთ. ეს ქალაქებია: ბერლინი, კოპენჰაგენი, სინგაპური, ნიუ-იორკი, ტოკიო. ანალიზის მიხედვით ჩვენ გავითვალისწინებთ, როგორ ვითარდებიან ისინი, რა სექტორებში უჭირთ და რაში მდგომარეობს მათი სიძლიერე. ამ შემთხვევაში 4 ქალაქზე ტარდება კვლევები და კონცეფციის მორგება, ეს ქალაქებია: პრაღა, თბილისი, ქემნიცი და ლისაბონი. ჩამოყალიბდება მდგრადი განვითრების პროფილი და თებერვლის თვეში კონცეფციები დაიდება“,- განაცხადა მარიუს მორიმ. პროექტის ფარგლებში თბილისის ახალი ურბანული განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც თბილისი რეგიონში პირველი “მომავლის ქალაქი” იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები