ქართველი სამხედროების ნამუშევრების გამოფენა ბაზა „ლეზერნიკზე“

  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ბაზა „ლეზერნიკზე“ თავიანთი ნახატებისა და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა მოაწყეს. სამხედრო ბაზაზე ღონისძიება შემეცნებით და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში გაიმართა. სამხედროების მიერ შესრულებულ ნამუშევრებზე პეიზაჟები, რელიგიური და სხვადასხვა თემატიკის კომპოზიციებია ასახული.
სამხედროებმა გამოფენაზე ასევე, ნაქარგები და პენოპლასტით, ქვიშით, ქვებითა და ფეხსაცმლის თასმებით შექმნილი ტაძრის მაკეტები წარმოადგინეს. 31-ე ბატალიონის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი მეშველიანის გადაწყვეტილებით, გამოფენილი ნახატები ბაზა „ლეზერნიკზე“ შემეცნებით და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში დარჩება და მომავალში მათ რიცხვს ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიერ შექმნილი ახალი ხელნაკეთი ნივთები დაემატება. სამხედრო მოსამსახურეებმა ნახატებსა და ხელნაკეთ ნივთებზე თავისუფალ დროს ბაზა „ლეზერნეკის“ შემეცნებით და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში იმუშავეს.
ცენტრში მათ ასევე, აქვთ საშუალება სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშონ, სამკითხველო კუთხეში სამხედრო-ისტორიულ, ლიტერატურულ და თეოლოგიურ წიგნებს გაეცნონ და საველე კინოთეატრში დოკუმენტური, სამხედრო-ისტორიული და პატრიოტული ფილმების ჩვენებას დაესწრონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები