რას ყვება „კვირასთან“ მაშველი, რომელმაც ივლიტას მეუღლე გადაარჩინა – „აღარ გახსენდება, რომ შესაძლოა, მდინარიდან ცოცხალი ვეღარ გამოხვიდე“

13 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედიის ღამეს არაერთმა მაშველმა საკუთარი თვალით იხილა და მოისმინა, თუ როგორ ითხოვდნენ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი სტიქიასთან მებრძოლი ადამიანები დახმარებას. მათ შორის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების მაშველი ლევან კასრაძე, რომელიც სხვა მაშველებთან ერთად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ივლიტა ჯიბუტის, მისი მეგობრისა და ივლიტას მეუღლის გადარჩენას ცდილობდა.
მდინარის ადიდების დროს სახლის სახურავზე ივლიტა მეუღლესთან და მეგობართან ერთად თავის გადასარჩენად ავიდა, თუმცა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სამივე გაიტაცა. ადგილზე მისულ მაშველებს მხოლოდ ივლიტას მეუღლე დახვდათ, რომელიც ადიდებულ მდინარეში ხეს იყო ჩაბღაუჭებული.
ლევან კასრაძე „კვირასთან“ დეტალურად იხსენებს ტრაგედიის ღამეს და ამბობს, რომ მამა გიორგი (ჯიბუტი) მაშველებთან ერთად მიემართებოდა სახურავზე მყოფების გადასარჩენად.11425277_381757312030458_1325038489_n

– იმ ღამეს უამრავი გამოძახება გვქონდა, სტიქიის ზონაში მყოფები დახმარებას ითხოვდნენ. რუსეთის ყოფილი საელჩოს ტერიტორიაზე მივედით, ადგილზე იყო ივლიტას მამა, მამა გიორგი (ჯიბუტი), რომელმაც გვითხრა, რომ 3 ახალგაზრდა სვანეთის ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, სახურავზე იმყოფებოდა და მათ შველა სჭირდებოდათ. მამა გიორგის არ დაუკონკრეტებია, რომ მათ შორის მისი შვილი და სიძე იყვნენ. ჩვენ მათი ხმებიც გვესმოდა, თუ როგორ ითხოვდნენ დახმარებას. ვინაიდან გზა იყო ჩახერგილი და მიუვალი იყო ტერიტორია, შევეცადეთ, შემოვლითი გზით წავსულიყავით, მამა გიორგიც თან წამოგვყვა. საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიიდან მოგვიწია გადასვლა, მანქანა ადგილზე დავტოვეთ და სირბილით განვაგრძეთ გზა. მამა გიორგიმ ფიზიკურად ვეღარ შეძლო და დარჩა. ჩვენ დაახლოებით რვაასი მეტრი გავიარეთ სირბილით, ვიდრე იქ მივიდოდით, საიდანაც დახმარებას ითხოვდნენ.

ადგილზე რა ვითარება დაგხვდათ?

– სახლი, რომლის სახურავზეც ახალგაზრდები იდგნენ და შველას ითხოვდნენ, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა, წყლის დონე კი ელვის სისწრაფით მატულობდა. ადიდებულ მდინარეში მამაკაცი მკლავის სისხო ხეს იყო ჩაჭიდებული, რომელიც ცოტა ხანში შეიძლება წყლით დაფარულიყო, ან დინებას მოეგლიჯა. დავუძახეთ, რომ გადმომხტარიყო, ის კი გვეუბნებოდა, რომ ჯერ გოგონები მოგვეძებნა, კიდევ მოვუწოდეთ, გადმომხტარიყო, რადგან საფრთხე უფრო იზრდებოდა… გადმოხტა და თანამეწყვილეებმა ნაპირზე გაიყვანეს, ჩვენ ორმა კი განვაგრძეთ გოგონების ძებნა, სახლშიც შევცურეთ, რომელიც წყლით იყო დაფარული, შემდეგ დაახლოებით 500 მეტრის მანძილზე მდინარის ნაპირებზეც ვეძებეთ, თუმცა, სამწუხაროდ, მათი პოვნა ვერ მოხერხდა. საბედნიეროდ, მამაკაცი გადარჩა.

ივლიტას მეუღლემ რა მოგიყვათ?11429495_381757342030455_1515651711_n

– მან თქვა, რომ როდესაც სახლი წყლით დაიფარა, სამივე მათგანი სახურავზე ავიდა, თუმცა წყლის ნაკადმა სახლის სახურავი მოწყვიტა და მდინარეში ჩაცვივდნენ. მან ცურვა იცოდა და გოგონების ნაპირისკენ გამოყვანას ცდილობდა, თუმცა მდინარის მიერ წამოღებული ხის მორი დაეჯახა ივლიტას მეუღლეს და გოგონებისთვის ჩაჭიდებული ხელი გააშვებინა, ისინი კი დინებამ გაიტაცა. როგორც მისგან შევიტყვეთ, მარიამს და ივლიტას ცურვა არ სცოდნიათ, თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, სტიქია იმდენად მასშტაბური იყო, შექმნილ ვითარებაში მდინარიდან გამოსვლას ვერ მოახერხებდნენ.

როგორც ვიცი, უკვე 10 წელია მაშველი ხართთქვენს პრაქტიკაში ალბათ პირველად მოგიწიათ ასეთ ძლიერ სტიქიასთან შებრძოლება სიცოცხლის რისკის ფასად, რამდენად შესაძლებელია ასეთ დროს ემოციების მართვა და მაქსიმალურად მობილიზება?
11647279_381828765356646_747522592_n
– კი ნამდვილად ასეა, ჩემს პრაქტიკაში ასეთი მასშტაბის სტიქიასთან გამკლავების შემთხვევა არ მქონია. როდესაც ხედავ, რომ ადამიანს უჭირს და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ძალიან რთულია. ჩვენ – მაშველები რობოტები არ ვართ და გვაქვს ემოციები, თუმცა მსგავს ვითარებაში უნდა შევძლოთ მაქსიმალურად მობილიზება. როცა ადამიანი დასახმარებლად განწირული ხმით გეძახის, იმ დროს საერთოდ არ გახსენდება, რომ შესაძლოა, მდინარეში შესული უკან ცოცხალი ვეღარ გამოხვიდე, იბრძვი, რომ სხვისი სიცოცხლე გადაარჩინო.

სწორედ ასე იბრძოდა მაშველი ზურა მუზაშვილი, რომელმაც დაღუპვამდე შვიდი ადამიანის გადარჩენა მოასწრო, თუ იცნობდით მას პირადად?

-კი, ვიცნობდი, ის იყო უკეთილშობილესი, პატრიოტი ადამიანი.  ნორმატივების ჩასაბარებლად რომ ვემზადებოდი, ცდილობდა, რაც იცოდა, ჩემთვისაც ესწავლებინა და მავარჯიშებდა. სამწუხაროდ, ისიც იმსხვერპლა ამ სტიქიამ, მანამდე კი მან 7 ადამიანი გადაარჩინა. ვამაყობ, რომ მას პირადად ვიცნობდი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად თბილისში 19 ადამიანი დაიღუპა.

 მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები