31-ე ბატალიონის სამხედროებმა ავღანეთში წმენდის ოპერაცია ჩაატარეს

ISAF-ის მისიაში მონაწილე 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში, ჰელმანდიის პროვინციის სოფელ „ჩრდილო მუჰამადაბადში“ წმენდის ოპერაცია კოდური სახელით „გრიფონი III“ ჩაატარეს. ოპერაცია მოწინააღმდეგის მოსალოდნელი ორგანიზებული შეტევის აღკვეთას ისახავდა მიზნად.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულმა სოფლის იზოლირება ამერიკელი სამხედროებისგან დაკომპლექტებული მხარდამჭერი ჯგუფით განახორციელა. ოპერაციის შედეგად, მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო დასახლებული პუნქტიდან გასვლა და მომაკვდინებელი მასალის გატანა. მათ არც სხვა დაჯგუფებების დახმარების მიღების საშუალება მიეცათ. ობიექტის იზოლირებას დასახლებული პუნქტის წმენდა მოჰყვა, რომლის დასრულების შემდეგაც ქართველმა სამხედროებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა („შურა“) გამართეს. „შურას“ დროს ყურადღება სოფელში არსებულ პრობლემებზე, უსაფრთხოების საკითხებსა და ადგილობრივებთან სამომავლო თანამშრომლობაზე გამახვილდა. „ალფა“ ასეულის სამხედროებმა მოსახლეობას პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს და საჩუქრებიც გადასცეს.
„გრიფონი III“ 12 საათს გაგრძელდა. ოპერაციას „ალფა“ ასეულის მეთაური, კაპიტანი ზაზა გორგოძე ხელმძღვანელობდა. მასში მონაწილეობა 130-მა ქართველმა და 14-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო. ჩართული იყო 24 ჯავშანმანქანა MRAP-ი. ასეულის უსაფრთხოებას ჰაერიდან „ოსპრი“-ს და „ჩინოკი“-ს ტიპის ორი საბრძოლო ვერტმფრენი უზრუნველყოფდა.
ოპერაციის მსვლელობას ადგილზე 31-ე ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი მეშველიანი და ტაქტიკური დაჯგუფების მეთაური პოლკოვნიკი პიტერ ბაუმგარტენი ზედამხედველობდნენ. უწყების ცნობით, „გრიფონი III“ წარმატებით დასრულდა. ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცები ბაზა „ლეზერნეკზე“ მშვიდობით დაბრუნდნენ.
„გრიფონი III” იმ ოპერაციების სერიის გაგრძელებაა, რითაც 31-ე ბატალიონი საკუთარი პასუხისმგებლობის რაიონის სრულ კონტროლს ახორციელებს. ოპერაციამ ზემდგომი ამერიკული ხელმძღვანელობის მხრიდან მომზადებას, დაგეგმვასა და განხორციელებაში მაღალი შეფასება დაიმსახურა“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები