შს მინისტრის ინფორმაციით, დაკარგული 2 ადამიანი სახლში უვნებელი დაბრუნდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში გუშინ მომხდარი სტიქიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 22 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ შს მინისტრმა გადაცემა “იმედის კვირაში“ ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, 2 ადამიანი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, სახლში უვნებელი მივიდა.
“უფრო მეტი იყო დაკარგულთა მაჩვენებელი, თუმცა 2 ადამიანი გამოჩნდა, სახლში მივიდნენ და დაგვირეკეს რომ უვნებლები არიან. არ გამოვრიცხავთ, რომ სხვა ადამიანებიც დაბრუნდნენ ცოცხლები სახლში. მძიმე ვითარებაა, მანქანებია ჩამოტანილი და მტკვრის ე.წ. ბოგირია გადანგრეული, არ არის გამორიცხული მანქანები მტკვარში იყოს გადავარდნილი, ამიტომ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
რაც შეეხება ბეთანია-წყნეთის გზაზე ჩამოწოლილ მეწყერში მოყოლილ ადამიანებს, როგორც გომელაურმა აღნიშნა, ერთი მათგანი გარდაიცვალა, დანარჩენებმა კი მოტეხილობები მიიღეს. შს მინისტრის თქმით, ორი დაშავებული უცხოელია და ისინი სავარაუდოდ, ამერიკის მოქალაქეები არიან.
“ერთი ადამიანი გარდაიცვალა, დანარჩენები დაშავებულები იყვნენ, მოტეხილობები აღენიშნებოდათ, მათგან 2 უცხოელია, სავარაუდოდ, ამერიკის მოქალაქეები. ყველა მათგანი გამოყვანილია, თუმცა მიწის მასა კვლავ ჩამოწოლილია, ამიტომ მაშველები და ტექნიკა ამ დრომდე მუშაობს. თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად გაცნობებთ“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.