ზოოპარკის დირექტორი – „ზუსტად ვიცი, რომ ცხოველების დახოცვის ბრძანება გაცემული არ ყოფილა”
„ზუსტად ვიცი, რომ ცხოველების დახოცვის ბრძანება გაცემული არ ყოფილა“,–აღნიშნული განცხადება ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ზოგიერთმა პირმა არსებული ვითარებით ბოროტად ისარგებლა. როგორც გურიელიძემ აღნიშნა, ცხოველების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ბევრი საკითხი გარკვევას მოითხოვს.
„იმ შემთხვევაში, თუ მტაცებელი თავს ესხმოდა ადამიანს, მაშინ მისი ლიკვიდაცია გასაგებია, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ბევრი საკითხი გარკვევას მოითხოვს. ზუსტად ვიცი, რომ ცხოველების დახოცვის ბრძანება გაცემული არ ყოფილა, უბრალოდ ზოგიერთმა პირმა არსებულ ვითარებაში ბოროტად ისარგებლა”, – დასძინა ზურაბ გურიელიძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ გადარჩენილი ცხოველების ბედი ნაჩქარევ რეჟიმში ვერ გადაწყდება, რადგან თვითოეული ცხოველისთვის შესაბამისი პირობებია საჭირო. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური გათვლებია საჭირო.
ცნობისთვის: ზოოპარკიდან სტიქიის დროს 30–მდე მტაცებელი ცხოველი გაიქცა და თბილისის ცენტრალურ უბნებში აფარებდა თავს. სპეციალურმა სამსახურმა რამდენიმე მათგანის დაძინება მოახერხა, ამასთან ცხოველთა ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა. ამ დრომდე უცნობია, რამდენი ცხოველია ლიკვიდირებული, დაძინებული, ან რამდენი რჩება ვოლიერებს გარეთ.