ზურაბ ბაქრაძე: სარეკრეაციო სივრცეში მაგისტრალებისა და გვირაბების ადგილი არ არის

როგორც ამ მოვლენებმა გვანახა, მდინარე ვერეს ხეობაში ახალი ესტაკადისა და გვირაბის მშენებლობისას სტანდარტები დაცული არ იყო, – ამის შესახებ ქალაქის დაგეგმარების სპეციალისტმა, ზურაბ ბაქრაძემ “ქრონიკაში” ჩართვისას განაცხადა.

ქალაქის დაგეგმარების სპეციალისტმა იმ სტანდარტებზე ისაუბრა, რომელიც მაგისტრალებისა და გვირაბების აშენების დროს არ იქნა დაცული.

მისივე თქმით, მდინარე ვერის სარეკრეაციო ადგილას მაგისტრალისა და ესტაკადების მშენებლობა წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლობა, უგუნურება და დანაშაულია.

“ეს სტანდარტები დაცული არ იყო, არა მარტო გვირაბისა და ახალი ესტაკადის მშენებლობისა, არამედ საერთოდ, ქალაქმშენებლური დაგეგმვის გარეშე გაკეთდა ეს მაგისტრალი. ეს მაგისტრალი ქალაქისთვის საჭირო არ არის. იქ იყო დაშვებული შეცდომა, რომ ვიღაცის ახირების გამო გაიყვანეს ეს მაგისტრალი და დაგეგმეს თუ საკუთრივ მაგისტრალი, თვითონ თავისი კვანძებით, ნორმების დარღვევით, როგორც ახლა გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ვერ გაატარა ამ გვირაბებმა ეს ნაკადი წყლის და მოხდა უბედურება. ეს არის დამნაშაულებრივი, უპასუხისმგებლო, უგუნურება ხელისუფალთა და სანამ აი, ასეთი უბედურება არ მოხდება, მანამდე თავს არ მოიფხანენ, მაგრამ ისიც საკითხავია, მოიფხანენ რომ თავს და მართლა რამეს გააკეთებენ?! ისწავლიან ამით ჭკუას, თუ არა?! “, – განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ მდინარე ვერეს კალაპოტს, რომელიც მშენებარე კომპანიის თქმით, არ შევიწროვებულა, ბაქრაძე ამბობს, რომ ფაქტია, რომ გვირაბებმა წყლის მასა ვერ გაატარეს.

როგორც ბაქარაძემ განაცხადა, სარეკრეაციო სივრცეში გვირაბებისა და ავტომაგისტრალების ადგილი არ არის, მდინარეს სჭირდება სუნთქვა და აღნიშნულ ადგილას სარეკრეაციო სივრცის შექმნა და ესტაკადების მოშლაა გამოსავალი.

“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო! ფაქტია, რომ ეს წყლის მასა, ვერ გაატარა გვირაბებმა. აიღეს თუ არა 100-წლიანი სტატისტიკური მონაცემები ნალექებისა და წყლის დონის ზრდის და ამის მიხედვით დაგეგმეს თუ არა მარაგი, აი ის განივკვეთი გვირაბების და არა მარტო გვირაბების განივკვეთი, გვირაბების სიგრძეც არის ხელისშემშლელი ფაქტორი, ეს ყველაფერი რომ სწორად გაეკეთებინათ, საფიქრებელია, რომ ეს არ მოხდებოდა, მაგრამ დაზღვეული ამისგან მაინცარ ვიქნებოდით. სარეკრეაციო სისტემებსა და ადგილებში, ასეთ გზებსა და გვირაბებს ადგილი არ აქვთ. მდინარე უნდა სუნთქავდეს და როგორც კი მოვინდომებთ მდინარის დახრჩობას, თვითონ დაგვახრჩობს და აი, სამწუხაროდ, ასე მოხდა. აქ არ უნდა ყოფილიყო მაგისტრალები და გვირაბები, აქ უნდა ყოფილიყო სარეკრეაციო სივრცე. საჭირო იყო განივი მაგისტრალები და ის არაფერს შეუშლიდა ხელს. გააკეთეს არასწორად და ამის შედეგია ეს. მდინარეს სჭირდება სუნთქვა და გამოსავალი ესტაკადების სრულად მოშლა და სარეკრეაციო სივრცის განვითარებაა”, – აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები